Facebook Twitter

¹ბს-1172-1161(კს-11) 12 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «...» კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს «...» დირექტორმა მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა დამატებითი გადასახადის დარიცხვის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2009 წლის 30 ნოემბრის ¹642 ბრძანების, 2009 წლის 7 დეკემბრის ¹660 ბრძანებისა და მათ საფუძველზე მიღებული ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 9 დეკემბრის ¹09/136 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 9 დეკემბრის ¹09/136 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 იანვრის ¹236 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «...ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «...-ის» დირექტორმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. ამავე სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ შპს «...-ის» ქონებას ადევს ყადაღა, საბანკო ანგარიშზე წარდგენილია საინკასო დავალება და დროებით შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განჩინებით შპს «...-ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგნი საფუძვლით: სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39-ე მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. მითითებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და შესაბამისად, მხარეს დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

2011 წლის 30 მარტს შპს «...-ის» დირექტორმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და შპს «...-ს» ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2011 წლის 7 აპრილს. ამავე წლის 11 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა შპს «...-ის» დირექტორის შეამდგომლობა იმავე მოთხოვნითა და შუამდგომლობაზე თანდართული იმავე მტკიცებულებებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს «...-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...-ის» დირექტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2011 წლის 29 მარტს შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მოტოვით, რომ იმ დროისთვის შპს «...» მოკლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას და კვლავ ითხოვდნენ მის გადავადებას, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით განუხილველა იქნა დატოვებული მათი სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, განჩინებაში საერთოდ არ არის მსჯელობა იმ საკითხზე, თუ რატომ იქნა დაუსაბუთებლად მიჩნეული შპს «...-ის» პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და რატომ არ იქნა სასამართლოს მიერ გაზიარებული იმ მტკიცებულებების სისწორე, რომლებითაც უტყუარად დასტურდებოდა შპს «...-ის» მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს - შპს «...-ს», ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება 2011 წლის 7 აპრილს გადაეცა. საქმეში დაცულია შპს «ს...-ს» შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილი შპს «...-ს» 2011 წლის 7 აპრილს ჩაჰბარდა (ტ. VIII, ს.ფ. 127), შესაბამისად, მისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 8 აპრილს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 14 აპრილს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი, მაგრამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 29 აპრილის განჩინების გამოტანის დროისათვის სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 6 მარტის ¹4273 ბრძანებით მის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებზე დადებული ყადაღის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არსებობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებს არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლად, რადგან საპროცესო სუბიექტის ქონებაზე ყადაღის არსებობა არ ადასტურებს მის გადახდისუუნარობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი შპს «...-ის» მიერ, რის გამოც არ არებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით შპს «...-ის» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც შპს «...-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.