¹ბს-887-880(კს-11) 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ კახეთის პრობაციის ბიურო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 30 ივლისს რ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ კახეთის პრობაციის ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს განაჩენით სსსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად. იგი არის სასულიერო პირი _ მოლა, რის გამოც მოუწია აზერბაიჯანის ხიდზე გადასვლა. მოსარჩელის მითითებით, მას არ ჰქონია არც სიტყვიერი და არც წერილობითი ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში არსებულ პრობლემებზე. იგი არ გადასულა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კახეთის პრობაციის ბიუროს 2010 წლის 4 ივნისის სამართალდარღვევის ოქმებით (9 ოქმი) იგი დაჯარიმდა 9000 ლარით.
ამდენად, მოსარჩელემ კახეთის პრობაციის ბიუროს 2010 წლის 4 ივნისის ¹015157, ¹015158, ¹015159, ¹015160, ¹015161, ¹015162, ¹015163, ¹015164, ¹015165 ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. მხარეს განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა წარდგენილიყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად და იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. სააპელაციო საჩივრის ავტორს განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა 5 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ თუ საპროცესო ვადა კანონით არ იყო დადგენილი, მას განსაზღვრავდა სასამართლო. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითა მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყებოდა იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლებოდა მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილი იყო ვადა, შეიძლება შესრულებულიყო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდებოდა ვადის უკანასკნელილ დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლებოდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ს ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2011 წლის 17 მარტს მის მეუღლეს _ ბ. ზ-ს ჩაბარდა, რაც გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მა სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას (შპს «...» _ გურჯაანის ფილიალი) 2010 წლის 25 მარტს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 5 დღიანი ვადის დარღვევით წარუდგინა, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინების ასლი მის მეუღლეს _ ბ. ზ-ს 2011 წლის 17 მარტს ჩაბარდა და აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინებით განსაზღვრული ვადა 2011 წლის 22 მარტს იწურებოდა, მაგრამ მუსულმანური რელიგიის მიხედვით, 22 მარტი წარმოადგენდა დღესასწაულს და არ იყო სამუშაო დღე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით რ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ. ა-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განსახილველ საქმეში მონაწილეობს, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისის სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინების ასლი რ. ა-ის მეუღლეს _ ბ. ზ-ს 2011 წლის 17 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 90), შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 5 დღიანი ვადის დინება 2011 წლის 18 მარტს დაიწყო და აპელანტს ხარვეზის შევსების უფლება 2011 წლის 22 მარტის (სამშაბათს) 24 საათამდე ენიჭებოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი თანდართული დოკუმენტებით შპს ,,...“ გურჯაანის ფილიალს 2011 წლის 25 მარტს ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 დღიანი ვადის დარღვევით წარუდგინა, რასაც ადასტურებს კონვერტზე აღნიშნული ფოსტის ბეჭედი (ფოსტის ბეჭედზე არსებული ციფრი «28» შესწორებულია «25»-ად) (ს.ფ. 102).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 2011 წლის 22 მარტი უქმე დღეს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ¹187 ბრძანებულებაზე და განმარტავს, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში სადღესასწაულო დღედ გამოცხადდა მხოლოდ 21 მარტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის მიერ არ გამოსწორებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.