¹ბს-967-960(კს-11) 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 29 ნოემბერს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი სასჯელს იხდიდა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და მოხდილი ჰქონდა სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი მრავალჯერ იქნა წახალისებული და გამოცხადებული ჰქონდა არაერთი მადლობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2010 წლის 15 ოქტომბერს წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და “პატიმრობის კოდექსის” 27-ე-28-ე მუხლების თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ე.წ. შვებულება მოითხოვა, რის თაობაზეც დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 29 ოქტომბრის წერილით ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2010 წლის 29 ოქტომბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. კ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა დაეკისრა; აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამდენად, ი. კ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა დაეკისრა
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. კ-ეს ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად ჩაბარდა, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი მის მიერ არ იქნა შევსებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველის წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია, მან ვერ შეძლო მოცემულ საქმეზე ხარვეზის აღმოფხვრა, მაგრამ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა, ვინაიდან, იგი არის მსჯავრდებული, რომელიც იმყოფება პატიმრობაში და განსახილველი საკითხი ეხება მსჯავრდებულის უფლების რეალიზებას, ე.წ შვებულებას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი. კ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს იმის შესახებ, თუ რას უნდა პასუხობდეს სააპელაციო საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით აპელანტ ი. კ-ეს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინება ი. კ-ეს 2011 წლის 25 მარტს ჩაბარდა (აღნიშნული დასტურდებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის @¹... დაწესებულების ხელწერილით), ხოლო მის წარმომადგენელს ე. ჩ-ეს 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო გზავნილით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინების ასლი ი. კ-ის წარმომადგენელს ე. ჩ-ეს 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა, ხარვეზის აღმოფხვრის 7 _ დღიანი ვადის ათვლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2011 წლის 17 მარტიდან უნდა დაწყებულიყო, შესაბამისად, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი. კ-ეს ხარვეზის შევსების შესაძლებლობა 2011 წლის 23 მარტის 24 საათამდე ენიჭებოდა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 10 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ი. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არსებობდა მისი, როგორც პატიმრის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული 46-ე მუხლის პირველი ნაწილი კონკრეტულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც მხარეები კანონის საფუძველზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი განსაზღვრს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლებას, იმ შემთხვევაში თუ მხარე წარადგენს უტყუარ მტკიცებულებებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.