3-589-10(ა-11) 12 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის ¹ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ე. წ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ე. წ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების მოთხოვნას, კერძოდ, განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც უნდა მომხდარიყო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით ე. წ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი ე. წ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე _ ... და ჩაბარდა პირადად 2011 წლის 9 აგვისტოს. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების ასლი ე. წ-ს 2011 წლის 9 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 10 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 19 აგვისტოს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. ე. წ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ე. წ-ის განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული განცხადება აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის ¹ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. წ-ის განცხადება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.