Facebook Twitter

¹ბს-486-482(გ-11) 28 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

29.11.10 წ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა შპს «...», მოპასუხის _ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» მიმართ, რომლითაც «საქპატენტის» სააპელაციო პალატის 12.10.10 წ. ¹1146 გადაწყვეტილების გაუქმება და სს «...» სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის _ «...» ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 15.05.08 წ. შპს «...» განცხადებით მიმართა «საქპატენტს» და მოითხოვა წარდგენილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. 04.05.09 წ. ¹146805 გადაწყვეტილებით შპს «...» ეთქვა უარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნიშანი მსგავსი იყო სს «...» სასაქონლო ნიშნებისა «...» და «...», რომლებიც რეგისტრირებულია საქპატენტში მე-6 კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვალისათვის.

„საქპატენტის“ გადაწყვეტილება გასაჩივრდა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში, რომლის 12.10.10წ. ¹1146 გადაწყვეტილებით შპს „... “ მთლიანად ეთქვა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში იქნა დატოვებული ექსპერტიზის 04.05.09წ. ¹146805 უარყოფითი გადაწყვეტილება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „... “ საქართველოში დარეგისტრირდა 2006 წელს, ხოლო 18.05.08 წ. უკვე წარადგინა განაცხადი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირების შესახებ. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 2.4 მუხლის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე პარიზის კონვენციის მე-6 ბის მუხლის შესაბამისად. „საქპატენტის“ მიერ სს „... “ სახელზე 2008 წელს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, შპს „... “ უკვე წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილ საწარმოს საქართველოში და „საქპატენტი“ ვალდებული იყო მოეძია შესაბამისი ინფორმაცია და ეს გარემოება გაეთვალისწინებინა სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სს „...“ სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

12.01.11 და 09.02.2011წ. სასამართლო სხდომებზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ «საქპატენტის» სააპელაციო პალატის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 12.10.10 წ. ¹1146 გადაწყვეტილების, «საქპატენტის» სახელმწიფო ექსპერტიზის» სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე 04.05.09 წ. ¹146805 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე «საქპატენტის» სახელმწიფო ექსპერტიზის 16.07.08 წ. ¹113630 და ¹113627 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლითაც სს «...» დაურეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი «...» და «...». ამავე სხდომაზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს «...».

თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.11 წ. საოქმო განჩინებით შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა «საქპატენტის» სახელმწიფო ექსპერტიზის 16.07.08 წ. ¹113630 და ¹113627 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ მოთხოვნას არ გააჩნდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ვინაიდან ამისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. სარჩელის საფუძვლიდან გამომდინარე, განსახილველი ურთიერთობა მიეკუთვნებოდა ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, რაც განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.11 წ. განჩინებით შპს «...» სარჩელი მოპასუხე «საქპატენტი»-ს და მესამე პირის სს «...» მიმართ «საქპატენტის» სახელმწიფო ექსპერტიზის 16.07.08 წ. ¹113630 და ¹113627 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავის საგანია «საქპატენტის» სახელმწიფო ექსპერტიზის 16.07.08 წ. ¹113630 და ¹113627 გადაწყვეტილებები, რომლებითაც სს «...» დაურეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი «...» და «...». «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტი» ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანოა. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. მოცემულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტი» _ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სახელმწიფო ექსპერტიზის გადაწყვეტილებების გამოცემისას ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, სარჩელი მათი ბათილად ცნობის შესახებ განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შპს «...» სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე საგნობრივი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ კოლეგიას და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ გახადა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტის” სახელმწიფო ექსპერტიზის 04.05.09წ. ¹146805 უარყოფითი გადაწყვეტილება, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 12.10.10წ. ¹1146 გადაწყვეტილება კომპანია “...” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე „საქპატენტის“ 07.16.08წ. ¹113627 და 07.16.08წ. ¹113630 გადაწყვეტილებები, რომლითაც სხვა განმცხადებლის სახელზე რეგისტრაციაში გატარდა სასაქონლო ნიშანი «...» და «...». ხსენებული გადაწყვეტილებებიდან დავას არ იწვევს ექსპერტიზის 04.05.09წ. ¹146805 და „საქპატენტის“ 12.10.10წ. ¹1146 გადაწყვეტილებების განსჯადობა, აღნიშნულ აქტებთან დაკავშირებული დავა საქალაქო სასამართლოს კოლეგიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განხილვას დაექვემდებარა, სადავოა „საქპატენტის“ სახელმწიფო ექსპერტიზის 07.16.08წ. ¹113627 და 07.16.08წ. ¹113630 გადაწყვეტილებების საგნობრივი განსჯადობის საკითხი, ხსენებული გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.11წ. საოქმო განჩინებით გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით დაექვემდებარა სამოქალაქო პალატას, უკანასკნელმა სადავოდ გახადა მისთვის განსჯადობით საქმის ამ ნაწილში განსახილველად გადაცემა და სასამართლოებს შორის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 26.3 მუხლის საფუძველზე მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანი არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებით დავები ძირითადად ეხება ობიექტზე უფლების მოპოვებას ან უფლებათა დარღვევას. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებათა დარღვევის შესახებ დავის განხილვის დროს მოპასუხე მხარე ეჭვქვეშ აყენებს უფლებათა მოპოვების მართებულობას, მოცემულ შემთვხევაში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის კანონიერებას. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავებისათვის დამახასიათებელია პროცესუალური ორგვაროვნება, ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიმართულებისაა, ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს („საქპატენტის“) მიმართ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და შესაბამისად დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ხოლო მეორეს მხრივ მესამე პირის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების დაცვის მოთხოვნა სამოქალაქო-სამართლებრივია. პროცედურა, რომელსაც ატარებს “საქპატენტი” სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარებას, ექპერტიზა ორ ეტაპად იყოფა, პირველ ეტაპზე მოწმდება ფორმალური მოთხოვნების შესრულება (საგანაცხადო მასალის სისრულის შემოწმება, საფასურის გადახდა, წარმომადგენლობის საბუთის არსებობა და სხვ.), მეორე ეტაპზე ტარდება არსობრივი ექსპერტიზა – მოწმდება სასაქონლო ნიშნის შესაბამისობა კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან, მოწმდება ნიშნის სიახლე, კანონმდებლობა ითვალისწინებს ორივე ეტაპის გასაჩივრების შესაძლებლობას. „საქპატენტის“ მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე წარმოშობილი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იქნება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივია აგრეთვე დავა იმ შემთხვევაში უკეთუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ დავა აღიძვრება განაცხადის მონაცემის ბიულეტენში გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში პრეტენზია თავდაპირველად განიხილება „საქპატენტში“, მისი სპეციალური ორგანოს – სააპელაციო პალატის მიერ. საქართველოს მთავრობის 03.07.10წ. დადგენილებით დამტკიცებული „საქპატენტის“ დებულების მიხედვით საქპატენტის ძირითადი ფუნქციაა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებით განმცხადებლისა და მესამე პირების სააპელაციო საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება «საქპატენტთან» არსებულ სააპელაციო პალატაში, რომლის გადაწყვეტილება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 16.6 მუხლის თანახმად შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საგულისხმოა, რომ საპატენტო კანონის 403 მუხლის მე-6 პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში, რაც ცალსახად ადასტურებს ამ კატეგორიის დავების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. რეგისტრაციის და „საქპატენტის“ მიერ სასაქონლო ნიშანზე მოწმობის გაცემის შემდეგ რეგისტრაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები დასრულებულად ითვლება, საჯარო რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ადასტურებს პირის საკუთრებაში ობიექტის ყოფნას, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლების წარმოშობას ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან, რეგისტრაციიდან სასაქონლო ნიშანი სამრეწველო საკუთრებას წარმოადგენს და როგორც საკუთრების ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს, ასეთ შემთხვევაში დავა სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით (კერძოთ, კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირის მიერ ნიშნის გამოყენების აკრძალვა, გადაცემა, სალიცენზიო ხელშეკრულების შესრულება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შეწყვეტა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალის და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, მის ასლს ან იმიტაციას, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურება) არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან დავა ეხება საკუთრებაში მყოფ ობიექტს, დავა არ ეხება ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას, რეალაქტის განხორციელებას, ადმინისტრირებას . ამასთანავე, უკეთუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ დავა ეხება ადმინისტრაციული ორგანოს - „საქპატენტის“ უფლებამოსილებებს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტარციის ვადის გაგრძელებას (მე-20 მუხ.), რეგისტრაციაში ცვლილების შეტანას, „საქპატენტის“ მიერ რეგისტრაციის გაუქმებას (27-ე მუხ.), სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას (28-ე მუხ.) ანუ საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ორგანოს – სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ასეთი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხედ დასახელებული ყავს „საქპატენტი“ და არა ის პირი, რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, „საქპატენტი“ სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე არ ყოფილა სასამართლოს მიერ დავის ამ ნაწილში ცნობილი არასათანადო მოპასუხედ, ამასთანავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის კანონით განსაზღვრულ ვადაში დასმის საკითხი არ ცვლის დავის საგნობრივ განსჯადობას, მითუფრო, რომ მოსარჩელე მოთხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ამყარებს სადავო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მითითებით, რაც ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ საერთაშორისო აქტებით (“ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ” მადრიდის შეთანხმება, “სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ” პარიზის კონვენცია) გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემთვევაში, იწვევს საერთაშორისო რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიულ დაცვას და საერთაშორისო რეგისტრაციის პრიორიტეტული უფლებით სარგებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციების ბათილად ცნობას, მისი მოთხოვნა არ ეხება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს, რომელთა განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმდინარეობს. ვინაიდან მოსარჩელე ასაჩივრებს ადმინისტრაციულ ორგანოს (“საქპატენტის”) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (07.16.08წ., ¹ 113627; 07.16.08წ. ¹113630) და ითხოვს მათ ბათილად ცნობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელზე უფლება არის დისპოზიციური, სახელდობრ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და ასახელებს მოპასუხეს, ამასთანავე ამ აქტების ბათილად ცნობის საკითხი, რომელთა საგნობრივი განსჯადობა სადავოდ არის გამხდარი, უკავშირდება იმ აქტების (04.05.09წ. ¹146805, 12.10.10წ. ¹1146) ბათილად ცნობას, რომელთა შესახებ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იხილება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის განსახილველი ნაწილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «...» სარჩელი მოპასუხე «საქპატენტი»-სა და მესამე პირის სს «...»-ს მიმართ «საქპატენტი»-ს სახელმწიფო ექსპერტიზის 16.07.08 წ. ¹113630 და ¹113627 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.