ბ-1858-14(ა-11) 9 სექტემბერი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ა. ა-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშავებობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთ თვიანი ვადის დარღვევის გამო.
2011 წლის 2 აგვისტოს ა. ა-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.
განმცხადებელი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად მიუთითა ფაქტი იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა ა. ა-ის შვილმა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქცა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თავად კასატორი – ა. ა-ე დაბადებულია ..., ხოლო მისი შვილები: ზ. ა-ე - ..., ხოლო ს. ა-ე – ..., შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილები ვერ იქნებოდნენ სააპელაციო სასამართლოდან გზავნილის ჩამბარებელი პირები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებასა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო ა. ა-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის განცხადებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
საკასაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ კასატორის შვილები წარმოადგენენ არასრულწლოვან ფიზიკურ პირებს, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ვერ ჩაითვლებიან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ჩამბარებელ პირებად რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააუქმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინება ა. ა-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა გაეცნო კასატორ ა. ა-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს და იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე და 403-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის წარმომადგენლის – ნ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული ა. ა-ის საკასაციო საჩივარი;
3. საქართველოს უზენასი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.