ბ-1684-11(ბ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განჩინების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორები _ მ. მ-ი, ნ. მ-ი და სხვები (სულ 11 ფიზიკური პირი)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹ბს-137-135 (კს-11) განჩინება
დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 24 აგვისტოს მ. მ-მა, რ. მ-მა და სხვებმა (სულ 11 ფიზიკური პირი) განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში განთავსებულ ქონებაზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მ., რ. და ნ. მ-ების, გ. შ-ის, თ. ტ-ის, ლ. და ნ. ც-ების, ნ. დ-ის, ს. ლ-ისა და გ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება შეჩერდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: «ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში მდებარე ნ. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება შეჩერდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე».
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ. ბ-მა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან სადავო ქონება შეიძინა აუქციონზე იმ პირობით, რომ 28 თვეში უნდა აეშენებინა სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა დიდი ოდენობით ჯარიმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრისა და 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებები; განმცხადებლების _ მ., რ. და ნ. მ-ების, გ. შ-ის, თ. ტ-ის, ლ. და ნ. ც-ების, ნ. დ-ის, ს. ლ-ისა და გ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით – საჯარო რეესტრის ჩანაწერების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 17 დეკემბერს მ. მ-მა, რ. მ-მა და სხვებმა (სულ 11 ფიზიკური პირი) განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მათი სარჩელის განხილვისას წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მათი აზრით ადასტურებდნენ ნ. ბ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას.
განმცხადებელთა მითითებით ნ. ბ-ის საჩივრის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოსათვის, რომ ყოფილიყო ცნობილი ეს მტკიცებულება, კერძოდ, სადავო ტერიტორიის აზომვითი ნახაზი, მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის და სხვათა (სულ 11 ფიზიკური პირის) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ. მ-მა, რ. მ-მა და სხვებმა (სულ 11 ფიზიკური პირი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით მ. მ-ის, რ. მ-ის და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირი) კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით მ. მ-ის, რ. მ-ისა და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირის) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება.
2011 წლის 11 ივლისს მ. მ-მა, ნ. მ-მა და სხვებმა (სულ 11 ფიზიკური პირი) განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
განმცხადებელთა მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹137-135(კ-11) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ი 2010 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა და შესაბამისად, იგი ვერ მიიღებდა ინფორმაციას საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის, ნ. მ-ისა და სხვების განცხადება (სულ 11 ფიზიკური პირის) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹ბს-137-135(კს-11) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, მ. მ-ის, ნ. მ-ისა და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირის) განცხადებას, შეამოწმა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა მოსაზრებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ი 2010 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა და შესაბამისად, იგი ვერ მიიღებდა ინფორმაციას საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიწვევა საქმის განხილვაში ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი უნდა განიმარტოს იმ თვალსაზრისით, რომ მთავარია მხარეს გაეგზავნოს და ჩაბარდეს შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მისი გამოუცხადებლობა კი საქმის განხილვის დაბრკოლების და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება (მ. მ-ის, ნ. მ-ისა და სხვების (11 ფიზიკური პირის) კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ) და კერძო საჩივარი, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹137-135(კს-11) განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ნ. ბ-ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე _ ქ. თბილისში, ... ¹3-ში და ჩაბარდა _ ნ. ბ-ს, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ და მასზე არსებული ხელმოწერა (ს.ფ. 105; ს.ფ. 107; ს.ფ. 119).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც მოწინააღმდეგე მხარის _ ნ. ბ-ის ოჯახის წევრებს და არც თავად განმცხადებლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ ნ. ბ-ის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით შეეჩერებინა მოცემული საქმის წარმოება.
საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ განმცხადებლების მიერ განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოება, სადავოდ არ გაუხდიათ თავად მოწინააღმდეგე მხარის _ ნ. ბ-ის შესაძლო უფლებამონაცვლეებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის, ნ. მ-ისა და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირის) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹137-135(კს-11) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის, ნ. მ-ისა და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირის) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹137-135(კს-11) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.