ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
ბ-2159-16 (ა-11) 4 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის ¹ბს-992-985(კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე რ. ჯ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით რ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი რ. ჯ-ს 2011 წლის 5 ივლისს ჩაბარდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრებოდა ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყებოდა იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილი იყო ვადა, შეიძლება შესრულებულიყო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ რ. ჯ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი 2011 წლის 5 ივლისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 6 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 15 ივლისს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჯ-მ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდის ქვითარი (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2011 წლის 3 აგვისტოს) საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის 3 აგვისტოს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
2011 წლის 28 სექტემბერს რ. ჯ-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება მას 2011 წლის 24 აგვისტოს ჩაბარდა, ამდენად, მას არ დაურღვევია ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ,,ოზურგეთის ფოსტის” უფროსის 2011 წლის 14 სექტემბრის ¹16 წერილი.
საკასაციო სასამართლო რ. ჯ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არის შეუსაბამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გავიზიარებთ განმცხადებლის მოსაზრებას (,,ოზურგეთის ფოსტის” უფროსის 2011 წლის 14 სექტემბრის ¹16 წერილს) კასატორისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების 2011 წლის 24 აგვისტოს ჩაბარებასთან დაკავშირებით, მაშინ როგორ შეავსო მხარემ ხარვეზი 2011 წლის 3 აგვისტოს ანუ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებამდე 21 დღით ადრე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ სხვა შეტყობინება დედნის სახით ან საფოსტო შეტყობინებაზე კასატორის ნაცვლად სხვა პირის ხელმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც გამორიცხავს საქმის მასალებში დედნის სახით არსებულ შეტყობინებას რ. ჯ-ისათვის საფოსტო გზავნილის 2011 წლის 5 ივლისს ჩაბარების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტითY გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რის გამოც რ. ჯ-ის განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის ¹ბს-992-985(კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე რ. ჯ-ის განცხადება დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.