Facebook Twitter

ბს-1034-1025(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 24 ივნისს ც. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ნ. ო-ის, ჯ. ი-ის, ტ. ო-ისა და გ. ო-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტის თანახმად, მას საკუთრებაში გადაეცა 0,134 ჰა მიწის ნაკვეთი ე.წ ,,...ს” დასახლებაში. ნაკვეთით სარგებლობას იგი ახორციელებდა სამანქანე გზით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემოღობეს მოპასუხეებმა თვითნებურად, რის შესახებაც ც. თ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა. აღნიშნული ორგანოდან მიღებული დოკუმენტაციით ეცნობა, რომ მისი ნაკვეთის მომიჯნავე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რეგისტრირებული იყო გ. ო-ის, ნ. ო-ის, ტ. ო-ისა და ჯ. ი-ის საკუთრების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ტ. ო-ის სახელზე გაცემული, კერძოდ საცხოვრებელ სახლთან მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში, 1998 წლის 25 იანვრის ¹429 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა.

2010 წლის 28 სექტემბერს ც. თ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შპს ,,...”-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ასევე ნ. ო-ის, ტ. ო-ის, ჯ. ი-ის, გ. ო-ის უფლებამონაცვლე მ. ქ-ის, ხ. ო-ისა და ტ. ო-ის მიმართ. მოსარჩელემ დამატებით ,,შპს ...”-ის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ც. თ-ის სარჩელი, მოპასუხეების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შპს ,,...”-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ასევე ნ. ო-ის, ტ. ო-ის, ჯ. ი-ის, გ. ო-ის უფლებამონაცვლე მ. ქ-ის, ხ. ო-ისა და ტ. ო-ის მიმართ, ,,შპს ...”-ის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ შეწყდა წარმოება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. თ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ც. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2010 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. თ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით ც. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით ც. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. თ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილევლად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება და მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ც. თ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. ც. თ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.