Facebook Twitter

ბს-1039-1030(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 14 აგვისტოს თ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და მესამე პირების _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და «...»-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ¹2-სა და ... ქ. ¹7-ს შორის მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე განთავსებულ ბინა ¹11-ში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისი კუთვნილი პირველი კორპუსის შენობის უკანა მხარეს, კერძოდ, ... ქ. ¹1-ის მხრიდან მიშენებული აქვს ნახევრად ამოშენებული კიბის უჯრედი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 16 ნოემბრის ¹000317 დადგენილებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისი კუთვნილი პირველი კორპუსის უკანა კედელზე ნახევრად ამოშენებული კიბის უჯრედის დემონტაჟი დაევალა. ამავე დადგენილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 6000 ლარით დაჯარიმდა, ვინაიდან, მას აღნიშნული მშენებლობა სპეციალური ნებართვის გარეშე ჰქონდა ნაწარმოები. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 19 თებერვლის ¹დ 34/1-07 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2006 წლის 14 ნოემბრის ¹000317 დადგენილება. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, კიბის უჯრედის მშენებლობა ნაწარმოები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის, არამედ «...»-ის დაკვეთით, ქ. თბილისში, ... ქ. 31/7-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.

მოსარჩელის მითითებით, მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას. ქ. თბილისის მერიამ თ. კ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, კერძოდ, მას უარი ეთქვა 2007 წლის 19 თებერვლის ¹დ34/1-07 დადგენილების ბათილად ცნობაზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის უკანა კედელზე ამოშენებული კიბის უჯრედის დემონტაჟზე. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის ¹ლეგ-761 ბრძანებით დაკმაყოფილდა «...»-ის განცხადება ... ქ. ¹2-სა და ... ქ. ¹7-ს შორის აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის ¹ლეგ-761 ბრძანება თ. კ-მა გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში და აღნიშნული ბრძანების მხოლოდ იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც განხორციელდა სადავო კიბის უჯრედის ლეგალიზება. ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 23 იანვრის სხდომაზე თ. კ-მა უარი განაცხადა ადმინისტრაციულ საჩივარზე და საკითხი დარჩა განუხილველი.

ამდენად, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის 2008 წლის 16 ივლისის ¹660 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 19 თებერვლის დადგენილების ბათილად ცნობა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 14 ნოემბრის ¹000317 დადგენილების კიბის უჯრედის დემონტაჟის ნაწილში აღსრულება მოითხოვა.

2009 წლის 16 თებერვალს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 1 დეკემბრის ¹6/10/1066 წერილის (ინდ. ბინათმშენებლობის «...»-ის კუთვნილი 69 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე მშენებარე კიბის უჯრედის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადაცემის თაობაზე) და ამავე სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის ¹ლეგ-761 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ, ქ. თბილისში ... ქ. ¹1-ის მხრიდან მშენებარე კიბის უჯრედის ლეგალიზების ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

2009 წლის 1 ოქტომბერს თ. კ-მა მეორე მოპასუხედ ქ. თბილისის მერია დაასახელა. ამასთან, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ქ. თბილისის მერიის 2008 წლის 16 ივლისის ¹660 და 2009 წლის 2 თებერვლის ¹76 განკარგულებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 19 თებერვლის ¹დ-34/1-07 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და კიბის უჯრედის დემონტაჟის ნაწილში 2006 წლის 16 ნოემბრის ¹000317 დადგენილების აღსრულების დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე მოპასუხედ ჩაება სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით თ. კ-ის სარჩელზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 19 თებერვლის ¹დ34/1-07 დადგენილების, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის ¹ლეგ-761 ბრძანების და ამავე სამსახურის 2005 წლის 1 დეკემბრის ¹6/10/1066 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით თ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, თ. კ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. თ. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.