ბს-1088-1077(კს-11) 19 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პ. ჭ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2011წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
8.06.2010წ. პ. ჭ-მ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 18.05.2010წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სამმართველოს 28.05.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 30.09.2010წ. გადაწყვეტილებით პ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 30.09.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.2011წ. განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2011წ. განჩინებით პ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა აპელანტ პ. ჭ-ის მეუღლეს – ი. ღ-ს 10.05.2011წ., მაგრამ ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2, 60.2 61.2, 61.3, 74.1 მუხლებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 16.05.2011წ., მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. Qჭ-მ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2011წ. განჩინების გაუქმება და საქმის განსახივლელად დაბრუნება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 13.05.2011წ., შესაბამისად, მის მიერ შესრულდა სასამართლოს მითითება ხარვეზის შევსების შესახებ, ამასთანავე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენის აუცილებლობის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი და ამგვარ მითითებას არც სასამართლოს განჩინება შეიცავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2011წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 06.05.2011წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება 10.05.2011წ. ჩაჰბარდა აპელანტის მეუღლეს. ხარვეზის შევსების 5-დღიანი საპროცესო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად 16.05.2011წ. ამოიწურა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სახელმიწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა. კერძო საჩივარს დართული აქვს 13.05.2011წ. სახელმწიფო ბაჟის – 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საფუძვლიანია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას სააპელაციო სასამართლოს მიერ არ განემარტა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენის ვალდებულება და ამ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა. ხარვეზის შესახებ განჩინებაში მხოლოდ ზოგადად მიეთითა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილელობაზე, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაზე დათქმას სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს. ვინაიდან მხარეს სრულყოფილად არ განემარტა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების შესახებ, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.11წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.