Facebook Twitter

ბს-1098-1087(კ-11) 26 ოქტომბერი 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. გ-მა 04.03.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქმედების განხორციელება - სასამართლოს დახმარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.02.2004წ. გადაწყვეტილების აღსრულებაში (ტ. 1, ს.ფ.4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.11წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე-116 ლარის ანაზღაურების თაობაზე 2007 წლის 1 სექტემბრიდან ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.11წ. განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.11წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი არ იძლევა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.03.10წ განჩინებას, რომლითაც ცალსახად დადგენილია, რომ დავალიანებების დაფარვის მოთხოვნა შესაძლებელია 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ რ. გ-ს 2007 წლის 1 სექტემბრამდე მიღებული აქვს სარჩო 6 თვის ოდენობით ერთჯერადი კომპენსაციის სახით. შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ ეკისრება ვალდებულება რ. გ-ს აუნაზღაუროს ზიანი 2007 წლის 1 სექტემბრის შემდომ პერიოდში. საკასაციო პალატის განჩინებაში მითითება აღსრულების შეჩერების დაუშვებლობაზე უკავშირდება 2007 წლის 1 მარტამდე კომპენსაციის გაცემას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.03.10წ. განჩინებაში გარკვევითაა აღნიშნული რომ დავალიანების მოთხოვნის უფლება პირს აქვს 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე,E ამგვარი მიდგომა საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში არის გატარებული (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის ¹ბს-1059-1012(კ-07) განჩინება), შესაბამისად რ. გ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს 31.03.10წ. განჩინებაზე მითითება არანაირად არ ადასტურებს კასატორის პრეტენზიას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.