Facebook Twitter

ბს-1122-1111(კ-კს-11) 21 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

კასატორი (მოსარჩელე) _ კასპის ... კოოპერატივი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ სსიპ - შემოსავლების სამსახური; ა. მ-ი

დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კასპის ... კოოპერატივის წარმომადგენელმა ჯ. ჩ-მა 2010 წლის 25 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ა. მ-ის მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კასპის ... კოოპერატივის სახელმწიფო ბიუჯეტისადმი 155900 ლარის დავალიანების საფუძველზე, კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2003 წლის 17 იანვარს მიღებულ იქნა ¹1 ბრძანება ...ის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაყადაღების თაობაზე. ...ის კუთვნილი 20 ობიექტი შეფასებულ იქნა თვით საგადასახადო ინსპექციის მიერ მოწვეული ფირმა “ა-ის” აუდიტორის მიერ, რომლის მიერაც შეფასებული ობიექტების ღირებულება - 157400 ლარი სრულიად საკმარისი იყო საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად.

მოსარჩელის მითითებით, გორის საგადასახადო ინსპექციამ ღია აუქციონზე გასაყიდად გაიტანა შვიდი ობიექტი, რომელთა აუდიტის მიერ შეფასებული ღირებულება შეადგენდა 139170 ლარს. შვიდივე ობიექტი გაიყიდა 17470 ლარად და ეს თანხაც არ იქნა ბიუჯეტში შეტანილი. მიითებული ობიექტების გაყიდვა გორის საგადასახადო ინსპექციის, კერძოდ, მისი თანამშრომლის ა. მ-ის მიერ მოხდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ა. მ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გორის რაიონული სასამართლის მიერ 2006 წლის 10 ოქტომბერს გამოტანილ იქნა განაჩენი, რომლის თანახმად დადგინდა შემდეგი ფაქტი, რომ სულ კასპის ... კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების უკანონო გაყიდვით და მისი რეალიზაციით მიღებული თანხების მითვისებით გამოწვეულ იქნა 139170 ლარის ზიანი. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მასში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეუცვლელად უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელის აღნიშვნით, კასპის ... კოოპერატივის მეპაიეებმა - გ. წ-მა და რ. ბ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ კასპის ... კოოპერატივის საკუთრებაში რიცხული ქონების გასხვისების მიზნით მოწყობილი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა თბილისის სააპელაციო პალატის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. წ-ისა და რ. ბ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული. აღნიშნულის შემდეგ კასპის ... კოოპერატივმა, მიყენებული ზიანის თავიდაც აცილების მიზნით, მიმართა სასამართლოს გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელმა კასპის ... კოოპერატივს მიაყენა მატერიალური ზიანი და გადამხდელის იმ პერიოდში არსებული დავალიანება - 139170 ლარით შემცირებული არ იქნა. გორის რეგიონალურ ცენტრში მოსარჩელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადამხდელს 2010 წლის 16 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 348259,69 ლარის ოდენობით ძირითად გადასახადზე დარიცხული საურავების გამო.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კასპის ... კოოპერატივის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კასპის ... კოოპერატივის წარმომადგენელმა ჯ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით კასპის ... კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე კასპის ... კოოპერატივის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსმა - ა. მ-მა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და კანონის უხეში დარღვევით ჩატარებულ აუქციონზე, კასპის ... კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ზემომითითებული ქონება გაყიდა რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად, ხოლო ამ ობიექტების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის მიითვისა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა იყო 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დადგენილ იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. მ-ის მიერ უკანონოდ მოხდა აუქციონის ჩატარება კასპის ... კოოპერატივის მითითებულ ქონებაზე. ეს განაჩენი კი კასპის ... კოოპერატივს ოფიციალურად ჩაბარებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2006 წლის 30 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია, რომ კასპის ... კოოპერატივისათვის მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედების შესახებ ცნობილი გახდა 2003 წელს. ხოლო ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, როგორც დაზარალებულმა შეიტყო 2005 წელს, როდესაც ა. მ-ის სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას საქმეში დაზარალებულად ჩაერთო კასპის ... კოოპერატივი. ზიანის ანაზღაურების შესახებ კი მან სასამართლოს მიმართა 2010 წლის 25 მარტს, მაშინ, როცა გასული იყო კანონით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრებები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. აპელატის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულ სამართლებრივ დასკვნებს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასპის ... კოოპერატივის წარმომადგენელმა ჯ. ჩ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლები. ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, ვინაიდან ა. მ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში შევიდა უზენაესი სასამაართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით და შესაბამისად, ამ განჩინებით დადგინდა მ-ის ბრალეულობა. ამდენად, კონსტიტუციით აღიარებული უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის თაობაზე ცნობილი გახდა სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების მიღების მომენტიდან. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2007 წლის 6 დეკემბრიდან, ანუ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებული მსჯელობა და დასაბუთება აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კასპის ... კოოპერატივის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კასპის ... კოოპერატივის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/ და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასპის ... კოოპერატივის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კასპის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით კასპის ...ს საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 155900 ლარის გადახდა; იმის გამო, რომ იგი ამ დავალიანებას ვერ იხდიდა, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 17 იანვრის ¹1 ბრძანებით ყადაღა დაედო კასპის ...ის ქონებას (ტომი 1; ს.ფ. 12, 23-24). გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ, საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით ჩატარდა კასპის ... კოოპერატივის დაყადაღებული ქონების სპეციალიზირებული ღია აუქციონი 7 ობიექტზე; ჩატარებული აუქციონის შესახებ შედგა ოქმები და გაიცა სერთიფიკატები. აღნიშნული აუქციონები ჩატარებული იქნა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსის ა. მ-ის მიერ, რომელიც ცნობილი იქნა დამნაშავედ (სხვა ქმედებებთან ერთად) ამ აუქციონის უკანონოდ ჩატარებისათვის, გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით; განაჩენით დადგენილია, რომ ა. მ-მა სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და განიზრახა ქონების გაყიდვა რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად, ობიექტების რეალიზაციიდან რეალურად შემოსული თანხა - 17470 ლარი მან ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არაერთგზის მიითვისა; აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში დაზარებულის სტატუსით მონაწილეობას ღებულობდა კასპის ... კოოპერატივის წარმომადგენელი გ. წ-ი (ტომი 1; ს.ფ. 20-25); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინების თანახმად, სულ კასპის ...ის ბალანსზე რიცხული ქონების ა. მ-ის მიერ უკანონოდ გაყიდვამ და მისი გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებამ გამოიწვია 139 170 ლარის ზარალი, რამაც კაპის ...ის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსბებითი დარღვევა გამოიწვია (ტომი 1; ს.ფ. 23-240); გორის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ა. მ-ს კასპის ...ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 123 370 ლარი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპლაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენი ა. მ-ისათვის კასპის ...ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ ა. მ-ის მიმართ ბრალდების საქმის განხილვისას დაზარალებულს- კასპის ...ს არ წარუდგენია სასარჩელო განცხადება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არც სამოქალაქო მოსარჩელედაა ცნობილი და საერთოდ არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება (ტომი 1; ს.ფ. 24-25).

მოცემულ შემთხვევაში სადაო არ არის ის გარემოება, რომ ერთის მხრივ კასპის ...სა და მეორეს მხრივ გორის რეგიონალურ ცენტრსა და ა. მ-ს შორის ურთიერთობა წარმოშობილია დელიქტური ვალდებულებიდან და კასპის ... კოოპერატივი სსიპ შემოსავალების სამსახურსა (გორის რეგიონალური ცენტრის უფლებამონაცვლე) და ა. მ-ზე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სწორედ დასახელებულ გარემოებაზე დაყრდნობით ითხოვს. ამასთან, სადაო არ არის ასევე ის გარემოება, რომ ა. მ-ი იყო გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსი და შესაბამისად ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად იგი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არასწორად აითვალა ხანდაზმულობის ვადა და განმარტავს, რომ ზოგადად ,,ხანდაზმულობა’’ გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეოაბს, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდებს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის საერთო ვადებს, კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა-ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. განსახილველ შემთხვევაში კი ვინაიდან სახეზეა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოდ ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში სწორად გამოიყენა 1008-ე მუხლი, რომლის თანახმადაც დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დინების განსაზღვრა მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებას წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ აღნიშნულ მომენტს უკავშირდება ხანდაზმულობის დაწყება (სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს იმ მომენტს, თუ საიდან უნდა იქნეს ათვლილი ხანდაზმულობის ვადის დენის სამწლიანი ვადა, როდესაც პირი დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრავს სარჩელს. კერძოდ, აღნიშნულის ათვლის საწყის ეტაპს წარმოადგენს ის მომენტი, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის შესახებ და/ან როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენებით ა. მ-ს კასპის ...ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 123370 ლარი. საკასაციო სასამართლო ერთის მხრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კასპის ... კოოპერატივის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებების შესახებ ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა 2003 წელს, თუმცა მარტოოდენ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული იმის სამართლებრივ საფუძვლად, რომ ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში კასპის ... კოოპერატივის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სასამართლო განაჩენის საფუძველზე (2005 წლის მდგომარეობით) ა. მ-ს უკვე დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ცხადია აღნიშნულის გათვალისწინებით კასპის ... კოოპერატივს იმ დროისათვის არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ თავისი დარღვეული უფლების იძულებით განხორციელება ან თუნდაც დაცვა მოეთხოვა, მით უფრო მაშინ, როდესაც ერთი და იგივე მხარის მიმართ, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სარჩელის განმეორებით აღძვრა სამოქალაქო კანონმდებლობით დაუშვებელია. ის ფაქტი, რომ კასპის ... კოოპერატივს ახალი, დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრით უნდა დაეწყო სამოქალაქო სამართლწარმოება, ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენი ა. მ-ისათვის კასპის ...ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ ა. მ-ის მიმართ ბრალდების საქმის განხილვისას დაზარალებულს - კასპის ...ს არ წარუდგენია სასარჩელო განცხადება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და იგი არც სამოქალაქო მოსარჩელედ არ ყოფილა ცნობილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (ა. მ-ი) შესახებ კასპის ... კოოპერატივისათვის ცნობილი გახდა 2007 წლის 6 დეკემბერს და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენაც ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლოს ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილად არ გამოუკვლევია მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას პირველ რიგში უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ როდიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, ამის შემდგომ დაადგინოს კასპის ... კოოპერატივის მიერ აღძრული იქნა თუ არა სარჩელი სასამართლოში კანონით დადგენილ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, აღნიშნულის შეფასების შემდეგ კი სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია თუ არა, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მივა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია - რა ოდენობის თანხის ნაწილში ექვემდებარება სარჩელი დაკმაყოფილებას და დავა გადაწყვიტოს მოქმედი მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასპის ...ის სარჩელი, მოპასუხის _ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის (უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელისათვის, გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის დადგომის მომენტისთვის, ცნობილი იყო, რომ გორის საოლქო საგადასახდო ინსპექცია, მისი თანამშრომლის _ ა. მ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის გამო წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. ა. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას დაზარალებულ მხარეს სწორედ მოსარჩელე _ კასპის ...ი წარმოადგენდა, ანუ 2005 წლისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, თუმცა მას მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ არ აღუძრავს არც სამოქალაქო წესით და არც სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში, კასპის ...ს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და შესაბამისად, სარჩელი, როგორც ხანდაზმული არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასპის ... კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება ა. მ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.