ბს-1127-1116(2კ-11) 3 ოქტომბერი 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს’’ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ... ასოციაციამ 2010 წლის 12 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 27 ოქტომბრის ¹07/122820-08 ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოსთვის» ქმედების განხორციელების, კერძოდ საქართველოს ... ასოციაციის 2010 წლის 12 ოქტომბრის ¹გ-05/514-10 საჩივრის განხილვის დავალება.
2010 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ... ასოციაციამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოპასუხე მხარედ მიუთითა ქ. თბილისის მერიის სსიპ «ქონების მართვის სააგენტო’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ... ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 27 ოქტომბრის ¹07/122820-08 ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი; ქ. თბილისის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს’’ დაევალა საქართველოს ... ასოციაციის 2010 წლის 12 ოქტომბრის ¹გ-05/514-10 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტომ’’, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის განჩინება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მერიის სსიპ «ქონების მართვის სააგენტომ’’, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს’’ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს’’ საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს’’ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.