Facebook Twitter

ბს-1137-1126(კ-11) 3 ოქტომბერი 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ბენებრივი რესურსების მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი რესურსების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. კ-მა 2010 წლის 28 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 დადგენილების ბათილად ცნობა, მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹56 დადგენილების ბათილად ცნობა, ზემოთ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ( საკადასტრო კოდი - ¹..., მესაკუთრე – სახელმწიფო, მოიჯარე – დ. ბ-ი ) ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. ბ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხედ ჩართულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

2010 წლის 4 აპრილის მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე მ. ს-მა მოპასუხეების -_ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები, კერძოდ საქმე ¹3/45-10 დ. კ-ის სარჩელი და საქმე ¹3/93-10 მ. ს-ის სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩართულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება და სატყეო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ისა და დ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 თებერვლის ¹22 და 2004 წლის 20 აპრილის ¹56 დადგენილებები; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის გამგეობისა და დ. ბ-ს შორის დადებული 2004 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება; ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრების უფლებისა და დ. ბ-ის იჯარის უფლების წარმოშობის შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერები, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 72.12.04.294. ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულების ნაწილში, დ. კ-ისა და მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სატყეო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამმართველომ და დ. ბ-მა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით დ. ბ-ისა და სსიპ სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი რეესურსების სამსახურის წარმომადგენელმა ქ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი რესურსების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი რესურსების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი რესურსების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.