Facebook Twitter

ბს-1149-1138(კ-11) 12 ოქტომბერი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– ო. დ-ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება;

დავის საგანი – სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ო. დ-მ მოპასუხის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.

2010 წლის 2 ივლისს მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სამივლინებო ხარჯების_1 669, 75 ლარის ანაზღაურება.

ო. დ-ის განმარტებით ის 1984-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სატყეო დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ საქტყეთესლსელექციაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 1999-2004 წლებში ბრძანებების საფუძველზე ზემოთხსენებული სამსახურიდან გაგზავნილი იყო მივლინებებში, რომლის ხარჯებიც დღემდე ანაზღაურებული არ არის. თითოეული მივლინებებისთვის გაწერილი თანხა მითითებულია სამივლინებებო ბრძანებებში, მის მიერ გაწერილი ხარჯების სრული ოდენობა შეადგენს 1669,75 ლარს. მოსარჩელემ სამივლინებო თანხების ანაზღაურების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა როგორც სატყეო დეპარტამენტს, ისე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამივლინებო თანხების ანაზღაურების მოთხოვნით და როგორც მათი წერილობითი პასუხიდან გაირკვა, მას უღიარეს მხოლოდ სამივლინებო დავალიანების თანხა, რაც შეადგენს 468,70 ლარს. ანალოგიური სამივლინებო თანხის დავალიანების თაობაზე იგივე პასუხი გასცა სამინისტრომ, რომელმაც ასევე უღიარა სამივლინებო დავალიანება, რაც შეადგენს 468,75 ლარს. წლების განმავლობაში სამინისტროს თანხების უქონლობის გამო ვერ მიიღო მის მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის თანხმობით, სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო. დ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სატყეო სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებებით დადგენილად იქნა მიჩნეული ო. დ-ის სხვადასხვა სატყეო მეურნეობებში მივლინების ფაქტი.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 26 თებერვლის ¹17/04-03-57-292 წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ 2000-2004 წლებში მიუღებელი და დაკრედიტებული სამივლინებო ხარჯები შეადგეს 468,70 ლარს.

სასამართლომ მიუთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341 მუხლზე (ანგარისწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპესაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი მოთხოვნის ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე და ამავე კანონის 38-ე მუხლები და განმარტა, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამსახურეობრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისად შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი), მაგრამ სამივლინებო თანხა, ისევე, როგორც ხელფასის თანხა და დანამატი, პერიოდულად შესარულებელი ვალდებულებაა, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისად სამივლინებო თანხის მისთვის ანაზღაურება დაკავშირებულია დროში გარკვეულ პერიოდთან, თუმცა, სამივლინებო თანხა, ამავდროულად, ხელფასის თანხისა და დანამატისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველის კანონის 1341 მუხლის მოქმედების ფარგლებში.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან მიმართებაში, რომ საქმეში არსებული წერილით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღიარებული იქნა მის მიმართ სამივლინებო დავალიანება 2000-2004 წლებში მიუღებელი და დაკრედიტებული სამივლინებო ხარჯები, რაც შეადგეს 468,70 ლარს, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის 2007 წლის 26 თებერვლის ¹17/04-03-57-292 წერილი მხოლოდ საჯარო საინფორმაციო ხასიათისაა და არ შეიძლება ჩაითვალოს წერილად, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო აღიარებს ვალს. გარდა ამის სასამართლომ განმარტა, რომ ვალის ასახვა მხოლოდ შიდა დოკუმენტებში, რომელზედაც კრედიტორს ხელი არ მიუწვდება, ვალის აღიარებად არ ჩაითვლება.

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის ო. დ-ის 1999-2004 წლების სამივლინებო თანხის, 1669,75 ლარის ოდენობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტის მიმართ დაკისრების თაობაზე, როგორც პერიოდულად შესარულებელი ვალდებულების მოთხოვნა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის სამ წლიან ვადას.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ო. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-მ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევენ. კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნის არსებობის აღიარება, მოვალის მრავალ ისეთ მოქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ო. დ-ს უარი ეთქვა 468,70 ლარის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. დ-ის სასარგებლოდ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაეკისრება სამივლინებო თანხის-468,70 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელი კომპონენტები, კერძოდ, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა, მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. ამასთანავე, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული კანონის 38-ე მუხლი ადგენს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, რომლის თანახმადაც, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი). ამდენად, საჯარო მოსამსახურეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან ერთად უფლება აქვს მიიღოს სამივლინებო თანხა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სამივლინებო თანხაზე ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული მუხლის დებულება, ვინაიდან სამივლინებო თანხა წარმოადგენს მისაღები კომპენსაციის სახეს, რომლის გადახდის ვალდებულება მოქცეული არ არის მითითებული მუხლის რეგულაციაში.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მოსამსახურეზე სამივლინებო თანხის გაცემის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მართალია იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სამივლინებო თანხის დავალიანებაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, სამოქალაქო კოდექსის 139-130-ე მუხლების გავრცელების თაობაზე, მაგრამ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლომ მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კასატორის მოთხოვნის საფუძველზე, გადაამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წერილთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში ს.ფ.43-ზე წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2009 წლის 5 მარტის ¹22/04-20-101-468 წერილი წარმოადგენს ვალის აღიარებას, ვინაიდან დოკუმენტში ცალსახადაა მითითებული, რომ ო. დ-ზე რიცხული სამივლინებო ხარჯების დავალიანება 468,70 ლარი აღიარებულია კრედიტორულ დავალიანებად, რომელიც შეძლებისდაგვარად იქნება დაკმაყოფილებული ბიუჯეტში თავისუფალი რესურსის წარმოშობის, ან ფინანსთა სამინისტროს მიერ დეპარტამენტისათვის ძველი დავალიანებების დაფარვის მიზნით თანხის დამატების შემთხვევაში.

საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის 2007 წლის 26 თებერვლის ¹17/04-03-57-292 ცნობა იმის თაობაზე, რომ 2000-2004 წლებში ო. დ-ისათვის მიუღებელი და დაკრედიტებული სამივლინებო ხარჯები შეადგენს 468,70 ლარს, აღნიშნული დავალიანება აღრიცხულია სატყეო დეპარტამენტის ნაერთ ბალანსში და აღიარებულია შიდა ვალად, რომელიც ანაზღაურებული იქნება ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი თანხების გამოყოფისთანავე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლითაც ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების შინაარსი და სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ო. დ-ისათვის გაცემული ცნობები წარმოადგენენ დავალიანების აღიარებას, თანხის გადახდის დაპირებას და შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს, რაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს აკისრებს ვალდებულებას მოსარჩელეს აუნაზღაუროს სამივლინებო თანხა-468,70 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოსაკვლევად საქმის უკან დაბრუნების საფუძვლები, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე დაყრდნობით საქმეზე იღებს ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მოპასუხისათვის 468, 70 ლარის დაკისრების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ო. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ო. დ-ს უარი ეთქვა 468,70 ლარის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ო. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სამივლინებო თანხის-468,70 ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.