ბს-1181-1170(კს-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 10 იანვარს მ. კ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის ¹39 საოქმო გადაწყვეტილების მ. კ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 დეკემბრის ¹882010915129-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში მ. კ-ზე გაუქმებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზები. მ. კ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი და დასაბუთებული, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი 3 (სამ) ეგზემპლარად.
2011 წლის 20 აპრილს მ. კ-ის წარმომადგენელმა რ. შ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის მიზნით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა. ამასთან, განმცხადებელმა განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით მ. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი და დარჩებოდა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების ასლი მ. კ-ისათვის გადასაცემად შვილს ხ. კ-ს 2011 წლის 29 აპრილს ჩაბარდა, ხოლო მ. კ-ის წარმომადგენლის რ. შ-ის დედას 2011 წლის 3 მაისს ჩაბარდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2011 წლის 30 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და იგი 2011 წლის 4 მაისს იწურებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 5 დღე, შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის 2011 წლის 4 მაისის ჩათვლით წარედგინა. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება აპელანტის წარმომადგენლმა ფოსტას 2011 წლის 5 მაისს ანუ ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, 2011 წლის 28 აპრილის განჩინების ასლი მ. კ-ის წარმომადგენელს (დედას რ. შ-ისათვის გადასაცემად) 2011 წლის 3 მაისს ჩაბარდა, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლებოდა მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი მოთხოვნა ამ განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მხრიდან არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. კ-მ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი კანონით დადგენილ ვადაში მისი მხრიდან სრულად იქნა შევსებული. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება გამოიწვია მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ მ. კ-მ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის მიზნით სასამართლოს გონივრული ვადის განსაზღვრა სთხოვა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის საფუძვლით მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, ვადის გაგრძელება სწორედ მის შუამდგომლობას წარმოადგენდა.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება მ. კ-ის შვილს ხ. კ-ს 2011 წლის 29 აპრილს ჩაბარდა, მაგრამ მან ობიექტურ მიზეზთა ვერ მოახერხა მ. კ-ისათვის სასამართლო უწყების გადაცემა, რის გამოც, აპელანტისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების ფაქტი ცნობილი გახდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინება მის წარმომადგენელს რ. შ-ს ჩაბარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. კ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით მ. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა; მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის, კერძოდ, დასაბუთებული, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განუხილველად დაეტოვებინა მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, ხარვეზის შევსების ვადა სწორედ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების სარ.ლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 216-217).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით სასამართლოს მიერ აპელანტს განესაზღვრა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა. ამასთან, მხარეს განემარტა საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობის შედეგები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2011 წლის 3 მაისიდან (მ. კ-ის წარმომადგენლის რ. შ-ისათვის (დედისთვის) ჩაბარებიდან) და არა 2011 წლის 29 აპრილიდან (მ. კ-ის შვილის ხ. კ-ისათვის ჩაბარებიდან).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის თანახმად, მ. კ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ... (ს.ფ. 219).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების ასლი მ. კ-ის შვილს _ ხ. კ-ს 2011 წლის 29 აპრილს ჩაბარდა (ს.ფ. 220).
საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ მ. კ-ის შვილი _ ხ. კ-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, უწყების ეგზემპლარზე ხელმოწერით ხ. კ-მ იკისრა ვალდებულება, უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების ხ. კ-ისათვის ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 2011 წლის 30 აპრილიდან უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების ასლი მ. კ-ის შვილს _ ხ. კ-ს 2011 წლის 29 აპრილს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 30 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2011 წლის 4 მაისს (ოთხშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-მ გაუშვა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, ვინაიდან, მისმა წარმომადგენელმა რ. შ-მ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2011 წლის 5 მაისს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 5 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.