ბს-118-117(კ-11) 5 ოქტომბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საკასაციო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)– შპს «...»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და არასწორად დარიცხული თანხების სხვა გადასახადებში ჩათვლა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «...მა» 20.09.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 20.03.02წ. საგადასახადო შემოწმების აქტის, 20.03.02წ. ¹0735 სერია «სდ» ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საგადასახადო შემოწმების აქტით არასწორად დარიცხული და გადახდილი გადასახადისა და ჯარიმის თანხების – 1680.5 ლარის სხვა გადასახადებში ჩათვლა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების ინსპექტორემბა 20.03.02წ. შპს «...ში» განახორციელეს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრათ არარეზიდენტის მომსახურებისათვის 4%-ის გადახდა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით არასწორი და კანონშეუსაბამოა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კანონმდებელი გადასახადს აწესებს «არარეზიდენტის მიერ საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მუდმივ დაწესებულებას». საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის განმარტებას იძლევა ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-18 პუნქტი, რომელშიც იგულისხმება შემოსავლები, რომელსაც ღებულობს არარეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ მომსახურებაზე (სამუშაოზე) მომსახურების თანხის მიღების ადგილის მიუხედავად. რუსეთის ფედერაციის საექსპედიტორო კომპანია, რომელმაც შპს «...ს» დაკვეთის შესაბამისად შეასრულა მომსახურება რუსეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც არარეზიდენტის მომსახურება, რადგან მას მომსახურება საქართველოში არ გაუწევია. შპს «...» ახორციელებს საექსპედიტორო მომსახურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მაკონტროლებელის მიერ გადასახადის გადახდა დაეკისრა იმ საქმიანობისათვის, რომელიც მას არ უწარმოებია და შესაბამისად დეკლარაციის წარუდგენლობაზე, ჯარიმის დარიცხვაზე და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებაზე მოპასუხის მითითება არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით მომსახურებით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენდა არარეზიდენტის მიერ საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალს და სატრანსპორტო ექსპედიცია არ განეკუთვნებოდა საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტით დასაბეგრ მომსახურებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ს” სარჩელი დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და არასწორად დარიცხული თანხების სხვა გადასახადებში ჩათვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «...ს» დაკვეთით რუსეთის ფედერაციის კომპანიებმა «ი-მა», «ს-მა» და «მ-მა» გასწიეს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული საექსპედიტორო მომსახურება. 20.03.02წ. დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა განახორციელეს რა შპს «...ს» საგადასახადო შემოწმება, შეადგინეს აქტი, რომლის თანახმად შპს «...ს» დაეკისრა არარეზიდენტის მომსახურებისათვის 4%-ის გადახდა. აღნიშნულის შესაბამისად გაფორმდა¹0735 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164.3 მუხლის მითითებით. საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით არარეზიდენტის მიერ საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება არარეზიდენტის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მუდმივ დაწესებულებას იბეგრება გადასახადის წყაროსთან შემდეგი განაკვეთებით: საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური საწარმოს გადასახადები საქართველოს და სხვა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო კავშირგაბმულობასა და საერთაშორისო გადაზიდვებში ტელესაკომუნიკაციო და სატრანსპორტო მომსახურებისათვის 4%. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-18 პუნქტის «ჟ» ქვეპუნქტით საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება «საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ან საერთაშორისო გადაზიდვებში ტელესაკომუნიკაციო ან სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავალი». სასამართლომ მიუთითა, რომ არარეზიდენტ პირს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული აქვს შემოსავალი რაც საგადასახადო კანონმდებლობით დაბეგვრას ექვემდებარება და რომლის გადახდაზე პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად შპს «...ს» ეკისრება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა რა საექსპედიტორო მოსახურება, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტი მათზე არ ვრცელდება. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებითვე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დამკვეთმა გადაუხადა გადაზიდვის სრული ღირებულება, რომელიც მოიცავდა სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე პირს, რომელიც ამ ნიშნის გამო გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდისაგან.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...მა».
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამარლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. გადაწყვეტილება.
პალატამ სრულად გაიზიარა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივ გარემოებები და დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას, პალატამ მიიჩნია რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, მისი გამაბათილებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული არგუმენტები შპს «...ს» არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...მა», რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საკასაციო სასამართლოს უკანასკნელი განჩინების შესაბამისად უზრუნველეყო გარკვეული ფაქტების გამოკვლევა და მის შესაბამისად გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივებზე მითითებით. ამასთან, ეს მოტივები საკასაციო სასამართლოს მოთხოვნებს ვერაფრით ვერ პასუხობს და აუცილებელი იყო საკითხთან დაკავშირებით დასაბუთების მოყვანა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლოს არ აუსახავს თავის განჩინებაში ის საკითხები რომელთა ასახვაც სავალდებულო იყო საკასაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით. საკასაციო სასამართლოს 22.10.09წ. განჩინების შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები იმის დასასაბუთებლად, რომ იმ მომსახურებით მიღებული შემოსავლები, რომელსაც ახორციელებდნენ შპს «...ს» არარეზიდენტი კონტრაჰენტები, არ ექვემდებარებოდა გადასახადით დაბეგვრას, რამდენადაც ისინი არ ეწეოდნენ უშუალოდ სატრანსპორტო მომსახურებას, არ კისრულობდნენ გადამზიდავის ფუნქციას. საკასაციო სასამარტლოს მიხედვით კი ეს გარემოება ექვემდებარებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებას, რაც ამ უკანასკნელს არ გაუკეთებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების ტექსტის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლერივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული არ არის, სააპელაციო პალატამ არ იქონია მსჯელობა დავის საგანზე, არ აღუნიშნავს ის ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საკითხები, რომლებსაც დაეთანხმა სასამართლო. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ამ გარემოებათა დადგენის გარეშე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებაზე. სსკ-ის 377-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო შემოწმების შედეგები აისახება სასამართლოს აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.10.09წ. განჩინების მითითებების თანახმად, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო ემსჯელა შპს «...ს» სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ არგუმენტებზე, რომელიც შეიცავს მითითებებს ისეთ საკითხებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მითითების თანახმად, არასაკმარისი იყო მხარეთა შორის საექსპედიციო მომსახურების ხელშეკრულების ფაქტის დადგენა, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა თუ რა სახის ხელშეკრულება იყო დადებული _ კონსესუალური თუ რეალური, საექსპედიტორო ხელშეკრულება იყო წმინდა ორგანიზაციული ხასიათის, თუ მოიცავდა გადაზიდვების ელემენტებს, ხსენებული გარემოებების დადგენის გარეშე საკასაციო სასამართლომ 22.10.09წ. განჩინებით შეუძლებლად მიიჩნია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატის განჩინების თანახმად სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად განიხილება საექსპედიტორო მომსახურება დაბეგვრის მიზნებისათვის ცალკე დამოუკიდებელი მომსახურების სახედ, ჩართულია თუ არა ის გადაზიდვის მომსახურებაში. საკასაციო სასამართლოს მითითებების მიუხედავად სააპელაციო პალატამ დავა გადაწყვიტა აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე. გაუგებარია თუ რას დაეთანხმა და რა გაიზიარა სააპელაციო პალატამ მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილება არ შეიცავდა რაიმე მსჯელობას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უთითებდა საკასაციო სასამართლო 22.10.09წ. განჩინებაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საერთოდ არ ყოფილა გამოთხოვილი შპს «...ს» მიერ რუსეთის ფედერაციის კომპანიებთან (სს «ი-თან», შპს «მ-თან», სს «ს-თან») დადებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ მოახდენდა მათ ანალიზს. შესაბამისად საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მითითება 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. გაურკვეველია თუ რა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლებით იხელმძღვანელა სასამართლომ, რა მიიჩნია დადგენილად და რომელი ნორმა გამოიყენა, მაშინ როდესაც სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნული წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს, რაც თავის მხრივ ქმნის სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პირობას. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «...ს» საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით, სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «...ს» საკასაციო საჩვარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.