საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1191-1180(კ-11) 4 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ., ც. და ზ. ა-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ დ. ქ-ის, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს “...”-ის, მესამე პირების – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
2010 წლის 15 დეკემბერს დ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს “...”-ის, ზ., მ., ნ., ნ. და ც. ა-ების და მესამე პირების – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრებაში ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... ყოფილ სახელმწიფო მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 701 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მოპასუხეებმა კანონის დარღვევით საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რომელიც მოსარჩელეს ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, 89 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ზ., ნ., მ., ნ. და ც. ა-ების საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე გზის, კერძოდ, 89 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ზ. და ც. ა-ებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით ნ., ზ. და ც. ა-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ზ. და ც. ა-ებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ნ., ზ. და ც. ა-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ნ., ზ. და ც. ა-ების დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორების წარმომადგენლის ჯ. ქ-ის _ თანამშრომელს მ-ს ჯ. ქ-ისათვის გადასაცემად (ოფის-მენეჯერი პირადი ¹...) 2011 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა, ხოლო კასატორებს ნ., ზ. და ც. ა-ებს 2011 წლის 10 აგვისტოს ჩაბარდათ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე _ 78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორების წარმომადგენელს ჯ. ქ-ს (თანამშრომელს თ. მ-ს ჯ. ქ-ისათვის გადასაცემად) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინების ასლი 2011 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 9 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 18 აგვისტოს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ., ც. და ზ. ა-ების საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.