საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1193-1182(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კასატორის - გ. კ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2011 წ. განჩინებით გ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ასევე კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ თვითონ და მისი მეუღლე არიან პენსიონერები, ავადმყოფები, საჭიროებენ სასწრაფო ქირურგიულ ოპერაციას, ასევე ავადმყოფია მისი ერთ-ერთი შვილი, ოჯახში ცხოვრობს 13 პირი, მათ შორის 6 მცირეწლოვანი, 3 ავადმყოფი, რომელთაგან არცერთი არ არის დასაქმებული. ამდენად, კასატორის მითითებით, მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2011წ. განჩინებით კასატორის გ. კ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფიდა, რამდენადაც კასატორს არ ჰქონდა წარმოდგენილი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის ქვითარი.
2011 წლის 4 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, მიუთითა, რომ ოჯახში აქვს უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. 13.09.2011წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ მის მიერ გადახდისუუნარობის დასადასტურებლად წარმოდგენილი იყო 2008-2009 წლებში გაცემული დოკუმენტები და ისინი არ ასახავდნენ კასატორის დღევანდელ მდგომარეობას, ამასთან, შუამდგომლობა დასაბუთებული იყო იმავე გარემოებებით, რაც არ გაიზიარა საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ 22.07.2011წ. განჩინებით. ასევე, განცხადებაზე დართული დოკუმენტები არ ასახავდნენ კასატორის ქონებრივ მდგომარეობას. საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 21.09.2011წ., კასატორმა კვლავ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს 3.10.2011წ. და მიუთითა, რომ არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება, მისი შემოსავალი შეადგენს პენსიის სახით ყოველთვიურად ასაღებ თანხას 100 ლარს, სხვა ქონება, საცხოვრებელი სახლის გარდა, სადაც 1995 წლიდან დევნილები არიან შესახლებულნი, მას არ გააჩნია, მას და მისი ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ სასწრაფო ოპერაციები, რომელსაც სოლიდური თანხა სჭირდება.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის, აღძრული შუამდგომლობის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის – გ. კ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის მოტივით და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის შესაბამისად, კასატორის _ გ. კ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
აღნიშნული მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებით განსაზღვრულ ვადაში კასატორს არ წარმოუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ გადახდის შეუძლებლობაზე მითითება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, რაც განემარტა კასატორს საკასაციო სასამართლოს 22.07.2011წ. და 13.09.2011წ. განჩინებებით. აღიშნულის მიუხედავად, კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის - გ. კ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.