ბს-1210-1196(2კ-11) 3 ოქტომბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს «...ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2002 წლის 26 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს «...ისა» და სს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია «...ის» მიმართ და სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებისათვის 465 682 ლარის, ძირითადი თანხის 70 000 ლარის, მასზე დარიცხული სარგებლის - 16 800 ლარისა და გადაუხდელი თანხის დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს «...ს» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 487 555,60 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა, სს «...ს» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 17 იანვრის შემდეგ, სესხის ძირითად თანხასა და სარგებლის (70 000+16800=86800) გადაუხდელ ნაწილზე, მის სრულ დაფარვამდე საურავი 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სს «...მ».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს «...ის» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სს «...მ». საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. სს «...მ» მის მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ 2011 წლის 10 აგვისტოს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 378-ე მუხლების შესაბამისად უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, განემარტათ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «...ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «...ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სს «...ს» გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 8000 (რვა ათასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «...ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. სს «...ს» დაუბრუნდეს მის მიერ 16.09.11წ. საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.