Facebook Twitter

ბს-1229-1215(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 11 აგვისტოს ტ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და მესამე პირის - გ. შ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ქ. თბილისში ...ის ¹4-ში საერთო თანასაკუთრების უფლებით 6 თანამესაკუთრესთან ერთად ფლობდა მიწის ნაკვეთს. 1991 წელს ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებისა და შეთანხმების საფუძველზე, ქ. თბილისში ...ის ¹4-ში ტ. ჩ-მ საცხოვრებელი სახლის ეზოში მიწისქვეშა ავტოფარეხი და დამხმარე სათავსო აიშენა საერთო ფართით _ 62 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი მხარე მდებარეობდა ...ის ქ. ¹9–ში. 1998 წლის 1 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე 49 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ეზოში მდებარე 62,3 კვ.მ დამხმარე ფართით. აგრეთვე, მოსარჩელის განმარტებით 2009 წლის 31 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით შეიცვალა მონაცემები და ქ. თბილისში ...ის ¹4-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის წითელ ხაზებში დარეგისტრირდა მის საკუთრებაში არსებული 62.3 კვ.მ ფართობიდან მხოლოდ 18 კვ.მ დამხმარე ფართი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 1999 წლის 3 სექტემბრის ¹7 ოქმის ¹2.6 პუნქტის თანახმად, კონკურსის წესით ვალერიან სეხნიაშვილს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში ...ის ¹9-ში მდებარე 100 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც დამტკიცდა ქ. თბილისის პრემიერის 1999 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვალერიან სეხნიაშვილის მიერ შეძენილი 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მისი ავტოფარეხის თავზე და მოიცავდა მოსარჩელის საკუთრებაში შემავალ 62.3 ფართობიდან 44 კვ.მ-ს, რაც მოსარჩელემ მისი საკუთრების უფლების დარღვევად მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 1999 წლის 3 სექტემბრის ¹7 ოქმის ¹2.6 პუნქტის და ქალაქ თბილისის პრემიერის 1999 წლის 17 სექტემბრის ¹772 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ჩ-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით ტ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ჩ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.