საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1234-1220(კ-11) 21 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
2010 წლის 16 სექტემბერს შპს ,,...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 1 აპრილის ¹042506 და 2010 წლის 4 მაისის ¹049097 ,,საგადასახადო მოთხოვნების” ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით _ 5 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს ,,...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...ის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს ,,...ს” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი შპს ,,...ის” დირექტორს ი. ს-ს 2011 წლის 22 სექტემბერს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,...ის” დირექტორს ი. ს-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინების ასლი 2011 წლის 22 სექტემბერს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 23 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 3 ოქტომბერს (ვინაიდან, 2 ოქტომბერი იყო უქმე დღე კვირა) 24 საათზე იწურებოდა. შპს ,,...მა” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...ის” საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.