Facebook Twitter

ბს-1272-1258(კ-უს-11) 19 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

საჩივრის ავტორი – ჟ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 1 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. ბ-მ მოპასუხეების ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 20 ნოემბრის ¹1013 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, პ-ისა და ლ-ს ქუჩების კვეთაში, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹16/197/10-08 წერილის ბათილად ცნობას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

2011 წლის 15 ივნისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჟ. ბ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა ქ. ბათუმში, პ-ისა და ლ-ს ქუჩების კვეთაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: ... ყადაღის დადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით ჟ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ბ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით ჟ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. ლ-ს საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინებაზე, როგორც დაუსაბუთებელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა ჟ. ბ-ის წარმომადგენლის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ.ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ.ბათუმი, პ-ისა და ლ-ს ქუჩების კვეთაში, საკადასტრო კოდით: ¹...) ყადაღის დადების შესახებ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონიძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ან გაძნელების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 20 ნოემბრის ¹1013 ბრძანებისა და ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹16/197/10-08 წერილის ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი პ-ისა და ლ-ს ქუჩების კვეთაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს თუ რაში მდგომარეობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა (სადავო ქონებაზე ყადაღის დადებაზე უარის თქმა) გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ჟ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ის საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.