კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1329-1314(კს-11) 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებაზე (ი. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების – რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის, ტ. და მ. ნ-ეების მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 13 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1329-1314(კს-11) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარს არ ერთვოდა მასზე ხელისმომწერი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 39-ე მუხლის «დ» პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ტ. II; ს.ფ. 221-222/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გაეგზავნა 2011 წლის 30 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიას ჩაჰბარდა 2011 წლის 3 ოქტომბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 228), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 13 ოქტომბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.