Facebook Twitter

ბს-1397-1380(კ-11) 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 2 მარტს ე. ი-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 17 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ე. ი-ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს მისი მეუღლის რ. ი-ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ნივთი, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. რუსთავი ... ¹22/31. მოსარჩელე ე. ი-ისათვის ცნობილი გახდა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო იპოთეკა. საგადასახადო ორგანოდან მიღებული 2009 წლის 5 ნოემბერის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ რ. ი-ის სახელზე ირიცხებოდა საბიუჯეტო დავალიანება 2000 წლამდე არსებულ პერიოდზე, მაგრამ პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანება არ ფიქსირდებოდა. აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 31 დეკემბრის წერილით ე. ი-ს განემარტა, რომ 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹1333/რ საგადასახადო მოთხოვნა, რ. ი-ს ჩაბარდა 2005 წლის ოქტომბერში, შესაბამისად, დავალიანება ითვლებოდა უკვე აღიარებულად, რომლის თანახმადაც ი.მ ,,...ს” 2005 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით დაერიცხა საგადასახადო დავალიანება 1773 ლარის ოდენობით. აგრეთვე, 2005 წლის 24 ნოემბრის საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ¹789/რ შეტყობინების თანახმად ი.მ ,,...ს”, 2005 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 1784 ლარის ოდენობით. 2009 წლის 23 სექტემბრის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ¹024-713 შეტყობინების თანახმად ი.მ ,,...ს” 2009 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ბიუჯეტის დავალიანება 2 126,49 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ ქ. რუსთავის საოლქო – საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹1333/რ ,,საგადასახადო მოთხოვნისა” და ქ. რუსთავის საოლქო – საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 ნოემბრის შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 4 მაისს მოსარჩელემ სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა, რომლითაც მან რუსთავის საოლქო – საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹1333/რ ,,საგადასახადო მოთხოვნის”, 2005 წლის 24 ნოემბრის ¹789/რ შეტყობინების საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ და რუსთავის რეგიონული ცენტრის (საგადასახდო ინსპექციის) 2009 წლის 23 სექტემბრის ¹024-713 შეტყობინების საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის საოლქო-საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹1333/რ ,,საგადასახადო მოთხოვნა”, 2005 წლის 24 ნოემბრის ¹789/რ შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ და რუსთავის რეგიონული ცენტრის საგადასახადი ინსპექციის 2009 წლის 23 სექტემბრის ¹024-713 შეტყობინება საგადასახადი გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ი-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ი-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.