Facebook Twitter

ბს-260-257(2კ-11) 12 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი ს. ხ-ა (12.03.10წ., ¹... მინდობილობა).

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, წარმომადგენელი მ. ჯ-ი (09.06.08წ., ¹... მინდობილობა).

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჯ. წ-ი, წარმომადგენელი მ. გ-ი (01.02.10წ., ¹... მინდობილობა)

მესამე პირი _ ბ. ბ-ი, წარმომადგენელი მ. ქ-ე (25.05.11წ. ¹... მინდობილობა)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.10წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. წ-ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამეგობის 30.09.09წ. ¹წ-4068 უარის, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მერიის 24.11.09წ. ¹12/83350-1 უარის ბათილად ცნობა, გამგეობისათვის ბ. ბ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის დავალება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1974წელს დაქორწინდა ბ. ბ-თან, 10.02.89წ. ოჯახმა მიიღო სამოთახიანი ბინა. 1990წელს ბ. ბ-მა ოჯახი მიატოვა, მისივე სარჩელის საფუძველზე სასამართლოს 23.04.91წ. გადაწყვეტილებით ქორწინება შეწყდა. მას შემდეგ ბ. ბ-ის მოსარჩელესთან ურთიერთობა არ აქვს და ამ მისამართზე არ უცხოვრია, რის გამო ჯ. წ-ს უხდება არარსებულ სულზე წყლის და დასუფთავების ხარჯების გადახდა. ჯ. წილაურმა მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, რათა რეგისტრაციიდან მოხსნილიყო ბ. ბ-ი, რაზედაც მიიღო უარი. უარს საფუძვლად დაედო საბინაო კოდექსის მე-60 მუხლი. მიჩნეულ იქნა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხის ინიცირებაზე უფლებამოსილი პირი იყო გამგეობა და არა დამქირავებლის ოჯახის წევრი ჯ. წ-ი. კანონის ამგვარ განმარტებას დაეთანხმა ყველა ინსტანიის სასამართლო. ამდენად, ჯ. წ-მა მიმართა გლდანი-ნაძალდევის რაიონის გამგეობას, რათა უკანასკნელს მიემართა სამოქალაქო რეესტრის გლდანის სამსახურისათვის გამგეობის საკუთრებაში მყოფი ბინიდან რეგისტრაციიდან იქ არმცხოვრები ბ. ბ-ის მოხსნის მიზნით. გამგეობის 30.09.09წ. ¹წ-4068 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნა არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. პასუხი გაასაჩივრა მერიაში, რომელმაც უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არ ითხოვს გამგეობისაგან რეგისტრაციიდან მოხსნას, მაგრამ გამგეობა, როგორც ბინის მესაკუთრე, წარმოადგენს ისეთ სუბიექტს, რომელსაც აქვს რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მიმართვის უფლება. იუსტიციის მინისტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის თანახმად, რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.05.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 30.05.09წ. ¹წ-4068 და ქ. თბილისის მერიის 24.11.09წ. ¹12/8350-1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნლობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი თვის ვადაში გამოცემა. საქალაქო სასაამართლომ სასკ-ის 34.2, სზაკ-ის 96.1, 97-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ადგილი აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვენლობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე აქტის გამოცემას. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-101 მუხლის, იუსტიციის მინსიტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობისას, თუ დასტურდება, რომ პირი მისამართზე არ ცხოვრობს უკნასკნელი ექვსი თვის მანძილზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.08წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თბილისი, ..., ბ. ¹94 მესაკუთრე არის სახელმწიფო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნაზე განცხადებით მიმართვის უფელბამოსილება გააჩნია გლდანი-ნაძალდევის რაიონის გამგეობას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელმა ადმინისტაციულ ორგანოს მიმართა არა რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით, არამედ როგორც რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხის გადასაწყვეტად მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

საქალაქო სასაამრთლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ.

სასამართლოს 05.11.10წ. განჩინებით მერიის და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 21.05.10წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გამგეობის და მერიის მიერ. ქ. თბილისის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გამგეობა არ არის საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, გამგეობა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ან მიემართა შუამდგომლობით შესაბამისი უწყებისათვის ბინიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნის ან რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით რაიონის გამეგობას აქვს დელეგირებული კონკრეტული უფლებამოსილება, ფიზიკური პირის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია. ¹73 ბრძანებულება არ ანიჭებს უფლებას რაიონის გამგეობას განახორციელოს სრულად მესაკუთრის უფლაბამოსილებები. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” კანონის 3-8 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონება წარმოადგენს ქონებას, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ვინაიდან გამგეობა არ იყო უფლებამოსილი განეხილა საკითხი, მერიის წერილობითი უარი საჩივრის განხილვაზე მართლზომიერია.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა გამგეობის უფლებამოსილებაზე, ბინაზე საკუთრების უფლება არ არის აღრიცხული, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” კანონის 3.1 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვას და განკარგვას ახორციელებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ამდენად გამგეობა არ იყო უფლებამოსილი მიემართა შუამდგომლობით შესაბამისი უწყებისათვის. კასატორი თვლის, რომ გამგეობის წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სააპელაციო პალატამ უკრიტიკოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და არ იქონია მსჯელობა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე.

საკასაციო პალატის სხდომაზე გამგეობის, მერიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ჯ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. Bბ. ბ-ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრებს. ჯ. წ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება საკასაციო საჩივრებში მოყვანილი მოსაზრებების უსაფუძვლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ მისი მოთხოვნა შეეხებოდა არა რეგისტრაციის გაუქმებას, არამედ გამგეობის მიერ რეგისტრაციის გაუქმებისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვას. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე აღძრული სარჩელით მოითხოვდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის დავალებას ანუ ადმინისტრაციული ორგანოსათვის რეალაქტის განხორციელების დავალებას. აღნიშნული დასტურდება სასარჩელო განცხადებით, რომლითაც მოსარჩელე დავის საგნად უთითებს აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების განხორციელების ვალდებულებას (ს.ფ.2, 4, 14). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს 21.05.10წ. გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას, გამოსაკვლევი გარემოებების მითითების გარეშე, დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. Aამდენად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მაშინ როდესაც სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის რეალაქტის განხორციელების დავალება. სასამართლო ერთის მხრივ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამგეობის და მერიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება რეგისტრაციის გაუქმება, ხოლო მეორეს მხრივ ავალებს გამგეობას აქტის გამოცემას, ამასთანავე, სასამართლო არ უთითებს თუ რის შესახებ უნდა გამოსცეს აქტი საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ, უკეთუ რეგისტრაციიდან მოხსნა არ შეადგენს მის უფლებამოსილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არ არის სახეზე როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება არ იწვევს პირდაპირ სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურისათვის მიმართვა ბ. ბ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, პირდაპირ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურისათვის მიმართვა პირის რეგისტრაციიდან მოსახსნელად წარმოადგენს ფაქტობრივ რეალაქტს, რომლის განხორციელებითაც არ დგება სამართლებრივი შედეგი - პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. ბ. ბ-ის რეგისტრაციიდან მოხსნა შეადგენს არა გამგეობის, არამედ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კომპეტენციას, რასაც იგი განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა აქტის გამოცემის, არამედ რეალაქტის განხორციელების დავალებაზე.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-101 მუხლის, იუსტიციის მინისტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ” ინსტრუქციის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, თუ დასტურდება, რომ პირი მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ დავა გადაწყვიტა ბინის მესაკუთრის დადგენის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ და სააპელაციო ინსტანციებში მოპასუხეები უარყოფდნენ ბინის მესაკუთრეობას და უთითებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით რაიონის გამგეობას დელეგირებული ჰქონდა ფიზიკური პირის კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზაციის უფლებამოსილება, რაც არ ანიჭებს მას მესაკუთრის უფლებამოსილებას, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ იქონია მსჯელობა და არ დაადგინა ბინის მესაკუთრე. A,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 652 მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ არაპრივატიზებული ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის დროებით უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნებოდა. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” კანონის 3.8 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქალაქო სასამართლოს 20.11.08წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა სახელმწიფო. საჯარო რეესტრის 08.04.10წ. ¹88301 წერილობითი ინფორმაციით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹94 ბინაზე საჯარო რეესტრის და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის. ვინაიდან რეგისტრაციის გაუქმების საკითხის დასმა მარეგისტრირებელი ორგანოს წინაშე ბინის მესაკუთრის უფლებამოსილებას შეადგენდა, ბინის მესაკუთრის დადგენა დავის კანონიერი გადაწყვეტის აუცილებელ წინაპირობას შეადგენდა. აღნიშნული საკითხი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” და ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის”, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 08.08.05.წ. ¹687 ბრძანებულების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოების დასკვნა საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ემყარება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ" ინსტრუქციის მე-13 მუხლის დებულებას, რომლის მიხედვით პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება აქვს საცხოვრისის მესაკუთრეს ან დამქირავებელს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.12.10წ. ¹227 ბრძანებით შეტანილი ცვლილებების თანახმად მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება არა საცხოვრისის მესაკუთრის, არამედ ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ დასტურდება, რომ პირი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ძალადაკარგულად გამოცხადდა მინისტრის 27.07.11წ. ¹98 ბრძანებით. უკანასკნელი ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის” მე-20 მუხლის I პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. Mმოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება. შეცილებითი და მიკუთვნებითი სარჩელების დასაშვებობის სავალდებული პირობას სასკ-ის 22.2 და 24.2 მუხლების თანახმად შეადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გაარკვიოს მოსარჩელე ჯ. წ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა მოცემულ საქმეში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად ქმნის სააპელაციო სასამართლოს საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საქმის ხელახალი განხილვისას მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა შესაძლებელს შექმნის სადავო სამართალურთიერთობათა უფლება-მოვალეობების ზუსტი განსაზღვრის, დავის კანონიერი გადაწყვეტის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.