Facebook Twitter

#ბს-734-728 (კ-11) 19 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ დ. ბ-ი, წარმომადგენელი ი. მ-ე;

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინება;

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. ბ-მა მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის 10 ნოემბრის #8/9682 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს თავდაცვის მინისტროს 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹#3801 ბრძანებაში დ. ბ-ის დათხოვნის საფუძვლის შესწორების დავალებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დ. ბ-ი 2006 წლის 20 აპრილიდან ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში;

დ. ბ-ი გამოკვლევასა და მკურნალობაზე სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა 2007 წლის 26 ივლისიდან 2007 წლის 3 აგვისტომდე, ხოლო ფსიქიატრიული კომისიის მიერ შემოწმებულ იქნა 2007 წლის 8 აგვისტოს;

დ. ბ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე მასალები წარდგენილია 2007 წლის 18 სექტემბრის I ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის ¹#19 სხდომის ოქმის საფუძველზე;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ძალების I ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულების საინჟინრო-ქიმიური ოცეულის წყალმომარაგების ათეულის წყალმომმარაგებელი, კაპრალი დ. ა. ბ-ი ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად 2007 წლის 3 აგვისტოდან, შტატი ¹#8/669-01;

2010 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელე მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹#3801 ბრძანებაში დ. ბ-ის დათხოვნის საფუძვლად ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის ნაცვლად ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) მითითების მოთხოვნით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 24 ოქტომბრის ¹#3801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკამყოფილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მხარეები სადავოდ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ დ. ბ-ი კონტრაქტით გათვალისწინებული ვადებულების შესრულებისას უვარგისი შეიქმნა სამხედრო ნაწილში სამსახურისათვის.

სახმელეთო ჯარების სარდლობის I ქვეითი ბრიგადის 2010 წლის 5 ნოემბრის #6757 წერილით დასტურდება, რომ დ. ბ-ს არ უხდებოდა შეხება ქიმიურ შენაერთებთან.

საქმეში წარმოდგენილი #1597 ავადმყოფობის მოწმობის (ს.ფ. 24-25) თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადებულების შესრულებისას დ. ბ-ის მიერ ადგილი არ ჰქონია იმ სახის დაზიანების მიღებას, რაც შეუძლებელს გახდიდა მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების I ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულების საინჟინრო-ქიმიური ოცეულის წყალმომარაგების ათეულის წყალმომმარაგებლად სამსახურის გაგრძელებას.

მხარეები სადავოდ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ დ. ბ-ი 2007 წლის 3 აგვისტოდან იმყოფებოდა თვითდათხოვნაში.

საქმეში წარმოდგენილი მასალების (I ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის #19 სხდომის ოქმი-ს.ფ. 18; ავადმყოფობის მოწმობა #1597- ს.ფ. 24-25; 22.12.10 სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 41-46.) საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 3 აგვისტოდან დ. ბ-ი იმყოფებოდა თვითდათხოვნაში და არ დაბრუნებულა სამხედრო ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყეტის შესახებ დადგენილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებზე დაყრდნობით, არ მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის 10 ნოემბრის #8/9682 წერილი, ასევე 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹#3801 ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების ან დამატებების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მეორე ნაწლის მიხედვით, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით;

სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2006 წლის 20 აპრილს გაფორმებული კონტრაქტის 6.1.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დასახული ამოცანები და განუხრელად დაემორჩილოს მეთაურის ბრძანებებსა და განკარგულებებს, ზუსტად და დროულად შეასრულოს ისინი”; ამავე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცის, წინამდებარე ხელშეკრულებისა და სამხედრო თუ საბრძოლო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩია, რომ დ. ბ-მა თვითდათხოვნაში ყოფნით დაარღვია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2006 წლის 20 აპრილს გაფორმებული კონტრაქტის პირობები.

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 20 აპრილს გაფორმებული კონტრაქტის 9.1.14 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატიურად ან ბრალეულად არღვევს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ან შესაბამისი სამხედრო თუ საბრძოლო წესდებით დადგენილ ვალდებულებეს. ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახად, სახედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტის პირობების დარღვევა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარეს ჰქონდა სამართლებრივი და ფაქტობრვი საფუძველი დ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს 2010 წლის 10 ნოემბრის #8/9682 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს მის დასაბუთებას, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბასობაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, აგრეთვე დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა ,,სამხედრო ველდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომლის ერთ-ერთ სახეობას საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახური წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-6 თავის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრუელბა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ბ-ის მიერ დაირღვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 2006 წლის 20 აპრილს გაფორმებული კონტრაქტის პირობები. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც მოპასუხე მხარეს, როგორც ხელშეკრულებიდან, ასევე ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე უფლებას აძლევდა დ. ბ-ი აღნიშნული საფუძვლით დაეთხოვა სამსახურიდან.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპები.

კასატორის მითითებით ის კეთილსინდისიერად ასრულებდა სამხედრო სამსახურს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შეუშალა ხელი. მას თავისი ინიციატივით და ბრალეული ქმედებით არ შეუწყვეტია კონტრაქტი. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითება დ. ბ-ის ქმედებასთან მიმართებით დაუსაბუთებლად მიიჩნია.

კასატორის მოსაზრებით, ავადმყოფობის მოწმობა და სახმელთო ჯარების სარდლობის I ქვეითი ბრიგადის 2010 წლის 5 ნოემბრის #6757 წერილი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული, კერძოდ ავადმყოფობის მოწმობაში გამოყოფილი არ არის კონკრეტული ქიმიური ნაწილი, (ბ-ისათვის დაუშვებელია სამსახურის გაგრძელება ქიმიურ ნაწილში) თუ თანამდებობა, ხოლო მითითებული წერილი მხოლოდ მოსაზრებას შეიცავს.

კასატორის მითითებით მასსა და დამსაქმებელს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება მკურნალობის სახლის პირობებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, რის გამოც აღარ მიუმართავს ხელმძღვანელთათვის ოფიციალურად სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ ბ-ი 3 აგვისტოდან ითვლებოდა თვითდათხოვნაში მყოფად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი 8 აგვისტოს იმყოფებოდა ფსიქიატრიულ შემოწმებაზე ჰოსპიტალში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

კასატორი დ. ბ-ი 2006 წლის 20 აპრილიდან ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში;

სამხედრო ნაწილი #10143-ის მეთაურის #2464 მიმართვის საფუძველზე დ. ბ-ი 2007 წლის 26 ივლისიდან 2007 წლის 3 აგვისტომდე გადიოდა გამოკვლევისა და მკურნალობის კურსს სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში;

დ. ბ-ის ფსიქიკური მდგომარეობა ფსიქიატრიული კომისიის მიერ შემოწმდა 2007 წლის 8 აგვისტოს;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 ოქტომბრის #3801 ბრძანების საფუძველზე დ. ა. ბ-ი ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად 2007 წლის 3 აგვისტოდან;

დ. ბ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას საფუძველად დაედო I ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2007 წლის 18 სექტემბრის #19 სხდომის ოქმი;

2010 წლის 6 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის საფუძველზეც ითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 ოქტომბრის #3801 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ დათხოვნის საფუძვლად ნაცვლად ,,სახედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა ამავე კანონის 21-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) მითითება;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის 10 ნოემბრის #8/9682 წერილით კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

კასატორის მოთხოვნა არ დაკმყოფილდა ასევე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოთა მიერ.

საკასაციო სასამართლო უარის თქმის მოტივებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქმის სამართლებრივი შეფასება არ შეესაბამება ფაქტობრივ საფუძვლებს, რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მათი კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოსათვის განმსაზღვრელი უნდა იყოს თავად საფუძველი - ,,ხელშეკრულება (კონტრაქტი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურს გავლის შესახებ”.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას. ამასთან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულედეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ცალსახაა, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ნიშნავს ვალდებულების დარღვევას. თუმაცა სხვა საკითხია მოჰყვება თუ არა მას მოვალის პასუხლისმგებლობა, რაც წინამდებარე შემთხვევაში გაანალიზებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სამოქალაქო სამართალში პასუხისმგებლობისათვის განმსაზღვრელია არა ბრალი, არამედ არამართლზომიერი მოქმედება, რაც დამოკიდებული არაა მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ იმაზე მოვალე აცნობიერებდა თუ არ თავისი მოქმედების სამართლებრივ ხასიათს.

იქ სადაც არსებობს პასუხისმგებლობა არსებობს მისი გამომრიცხველი გარემოებანიც, რომელთაც სამოქალაქო კოდექსი უკავშირებს შესრულების შეუძლებლობას. შესრულების შეუძლებლობა დაკავშირებულია ამა თუ იმ სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებებთან. მისი თვისება და თუნდაც თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ შესრულების შეუძლებლობა ყველა შემთხვევაში ათავისუფლებს მხარეს ვალდებულების რეალური შესრულებისაგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ პირობით თუ შესრულების შემდგომი შეუძლებლობა გამოწვეულია მხარის არაბრალეული მოქმედებით, თავისთავად გამოირიცხება მისი პასუხისმგებლობის დადგენის შესაძლებლობაც.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას დ. ბ-ის მიერ მიღებული დაზიანება მას აძლევდა ქიმიურ ბატალიონში სამსახურის გაგრძელების ანუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებეს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობისა და არარსებობის შესახებ.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, სასამართლო შეფასებისა და დასკვნის წარმოდგენის პროცესში ვალდებულია დაეყრდნოს საქმეში არსებულ მტკიცებულებს, რა სახის მტკიცებულებადაც ვერ მიიჩნევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსის მ/შემსრულებლის მოსაზრება (ვარაუდი) იმის თაობაზე, რომ კასატორს დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე არ უხდებოდა შეხება ქიმიურ შენაერთებთან.

საკსაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში (ს.ფ. 24) წარმოდგენილ #1597 ავადმყოფობის მოწმობას, რომელშიც ცალსახადაა მითითებული, რომ დ. ბ-ი უვარგისია ქიმიურ ნაწილებში სამსახურისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ კასატორი არ უნდა იყოს დასაქმებული ქიმიურ ნაწილში და მისი ამ ნაწილში დასაქმების საკითხი არ შეიძლება დამოკიდებულ იყოს ამა თუ იმ პირის და თუნდაც სასამართლოს მიხედულებაზე.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა, თუმცა საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუშვებელია მისი როგორც მტკიცებულების უარყოფა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო იგივე გარემოება, რაც გახდა დ. ბ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული დადგენილების არსებობა წარმოადგენს უპირობო საფუძველს ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელოს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებზე.

იმ ვითარებაში, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილადაა მიჩნეული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ფსიქიატრიულმა კომისიამ დ. ბ-ი შეამოწმა 2007 წლის 8 აგვისტოს და ეს ფაქტი პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან უარყოფილი არ არის შესაბამისი წესით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს I ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომის ოქმში ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ დ. ბ-ი 2007 წლის 3 აგვისტოდან იმყოფებოდა თვითდათხოვნაში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ბ-ის განცხადება შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის #3801 ბრძანების საფუძვლის შეცვლის თაობაზე თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს, რა პირობებშიაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით დადგენილი მოთხოვნები და საკითხის განხილვა აწარმოოს ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყურადღება უნდა მიაქციოს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მისთვის უდავოდ ცნობილი იყო სამხედრო სამედიცინო კომისიის დასკვნის არსებობის ფაქტი, რომელიც მართალია ადგენს დ. ბ-ის ვარგისიანობას უმნიშვნელო შეზღუდვით, მაგრამ ფაქტობრივად შეიცავს სამხედრო სამსახურის სრულ ჩამონათვალს, რომელშიც სამსახურისათვის კასატორი მიჩნეულია არავარგისად. ასეთ პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს არსებობდა თუ არა კონტრაქტის პირობების დარღვევის მოტივით პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი და ამ ვითარებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხდრიდან დაცულია თუ არა ხელშეკრულების 9.1 და 9.1.1 მუხლების მოთხოვნები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს დ. ბ-თან დაკავშირებით საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

­ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის 10 ნოემბრის #8/9682 და 2007 წლის 24 ოქტომბრის #3801 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დ. ბ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე