Facebook Twitter

ბს-853-847(კ-11) 12 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

20.09.2005წ. რ. ქ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ვ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის მოსარჩელის მფლობელობაში დაბრუნება და საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა, ასევე მოპასუხისათვის ზიანის სახით 1100 ლარის დაკისრება და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის დავალდებულება სს «...ის» სასარგებლოდ შესრულებული საკადასტრო რუკის კორექტირების შესახებ.

ვ. ს-მ შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიაში რ. ქ-ის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის არქმშენინსპექციის მიმართ და მოითხოვა ავტოფარეხის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თბილისის არქმშენინსპექციის 12.08.2002წ. ¹203 აქტისა და მისი დამტკიცების შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 25.09.2002წ. ¹9.42.234 და 30.09.2004წ. ¹8.3.240 დადგენილებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 7.11.2005წ. განჩინებით საქმე რ. ქ-ის სარჩელისა და ვ. ს-ის შეგებებული სარჩელისა გამო განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2006წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 8.06.2006წ. განჩინებით ვ. ს-ის შეგებებული სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 9.10.2006წ. განჩინებით რ. ქ-ის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება ვ. ს-ის შეგებებულ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქალაქო სასამართლოს 15.02.2007წ. საოქმო განჩინებით რ. ქ-ი საქმეში ჩაება მესამე პირად. საქალაქო სასამართლოს განჩინებით ვ. ს-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2007წ. განჩინებით ვ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 15.02.2007წ. განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.2008წ. განჩინებით ვ. ს-ის სარჩელზე თბილისის არქმშენინსპექციის 12.08.2002წ. ¹203 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-მ. კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს 16.01.2009წ. განჩინებით და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2010წ. გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2011წ. განჩინებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარცა საქალაქო სასამართლოს 27.10.2010წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კასატორს _ ვ. ს-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ვ. ს-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.