ბს-899-892(კ-11) 19 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ს. ა-ს სარჩელის გამო, მოპასუხეების – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
22.01.2010წ. ს. ა-მ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.12.2009წ. ¹10 გადაწყვეტილებისა და თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლ. ქ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 11.03.2010წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ქ-ი, ხოლო 26.03.2010წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ო. ყ-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 29.11.2010წ. გადაწყვეტილებით ს. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლ. ქ-ის სახელზე 15.02.2010წ. განხორციელებული ¹882010480560 რეგისტრაცია, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.12.2009წ. ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ქ-იმ და ო. ყ-იმ, რომლებმაც მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 29.11.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლ. ქ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.02.2011წ. განჩინებით მესამე პირის – ო. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 29.11.2010წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-იმ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს. ა-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორს _ ლ. ქ-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით დ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ლ. ქ-ის დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით დ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.