ბს-907-900(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ ზ. ზ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 18 აგვისტოს ი. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და ზ. ზ-ს შორის დავა მიმდინარეობდა ყ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ ქ. საჩხერეში, ... ¹3-ში მდებარე 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 20 წელზე მეტია ფლობს მოსარჩელის ოჯახი, რაც სადავოდ არ გაუხდია ზ. ზ-ის მამკვიდრებელს – შ. ზ-ს. მოსარჩელის მითითებით, არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც ზ. ზ-ს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში გადასვლაზე და ყ-ების ოჯახს შეუნარჩუნდა მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობა, რაც საჯარო რეესტრის საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა არ გაითვალისწინა და სადავო მიწის ნაკვეთი ზ. ზ-ის სახელზე დაარეგისტრირა.
მოსარჩელის განმარტებით, მათ მიმართეს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს. საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შეჭრილი იყო მეზობლის მიწის ნაკვეთის საზღვრებში და საჭირო იყო კორექტირებული ნახაზის დამზადება, ხარვეზი დაუდგინა განცხადებას. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურს ი. ყ-სა და ზ. ზ-ს შორის სამოქალაქო საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები წარუდგინა, რაც საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა არ ჩათვალა ხარვეზის გამოსწორებად.
მოსარჩელის მითითებით, ზ. ზ-მ შპს ,,...ს» უკანონოდ დაამზადებინა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ზ. ზ-ს. შპს ,,...ს» მხრიდან დოკუმენტის შედგენისას არ იქნა გათვალისწინებული რეალურად არსებული გარემოებები, კერძოდ, ადგილზე ნაკვეთის აზომვისას, არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ზ-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გამოყოფილია ღობით და არანაირი კავშირი აქვს ზ-ების ქონებასთან.
ამდენად, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 4 ივნისის ¹882010632490-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 ივლისის ¹186326 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირების დავალდებულება მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 28 ივლისის ¹88200222382 რეგისტრაციის - განაცხადის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2010 წლის 4 ივნისის ¹882010632490-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2010 წლის 5 ივლისის ¹882010632490-05 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 ივლისის ¹186326 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ზ. ზ-ის საკუთრებიდან 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ამორიცხვა და მოპასუხისათვის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავი ქონების ი. ყ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალდებულება მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ზ-ე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზ. ზ-ის სახელზე 2009 წლის 3 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საკადასტრო გეგმა _ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 35 02 41 001, განცხადების რეგისტრაციის ნომერი ..., მიწის ნაკვეთის ფართობი 549 კვ.მ., მომზადების თარიღი _ 2009 წლის 28 ივლისი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 5 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ¹882010632490-05 ი. ყ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; ი. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე» ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნიდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოცემულ საქმეზე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საკითხი შეისწავლა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ. 2009 წლის 10 თებერვლის დასკვნაში მითითებულია, რომ სადავო ნაკვეთის აზომვის მიხედვით, ზ. ზ-ე ფლობს 555 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ნაცვლად მისი ბაბუის მიერ მიღებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 700 კვ.მ-ისა. ასევე, მიზომილი იქნა მოსაზღვრე მეზობლის ყ-ის მფლობელობაში არსებული (სადავო) მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენს 392 კვ.მ-ს, რომელზეც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების დამადასტურებელი რაიმე საბუთი, რის გამოც ურთიერთშედარება არ მოხერხდა (ს.ფ. 16).
2010 წლის 31 მაისს ი. ყ-მა განაცხადი შეიტანა საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურში და უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. საჩხერე, ... №3) მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ს.ფ. 44). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 4 ივნისის №882010632490-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმის გამო, რომ დაფიქსირდა ზედდება მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (ს.ფ. 14). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა 2010 წლის 4 ივნისის №882010632490-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (სფ 18). საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 5 ივლისის №882010632490-05 გადაწყვეტილებით ი. ყ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ს.ფ. 116).
საქმეში წარმოდგენილია ი. ნ-ის ძე ყ-ის სახელზე გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექპასპორტის ასლი ქ. საჩხერეში, ... №3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და 3 314 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 95-96). ნ. ი.ს ძე ყ-ის (ამჟამინდელი მოსარჩელის მამკვიდრებლის) სახელზე 1997 წლის 28 მაისს გაცემული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი გაცემულია საჩხერეში, ... №3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და 1010 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.ფ 99-100).
1995 წლის 15 მაისის №371 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით შ. ზ-ს გადაცემული აქვს სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მათ შორის მე-6 ნაკვეთი ,,...» – 0.07 ჰა საზღვრებში: ჩრდილოეთით - შ-ი, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით – ზ-ე, დასავლეთით - ყ-ი. აქტით გადაცემული 0.07 ჰა წარმოადგენს ვენახს (ს.ფ 101).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზ. ზ-ის განმარტებით დადგინდა, რომ აქტით გადაცემულ 0.07 ჰა იყო დაუზუსტებელი, მას შემდეგ, რაც დაზუსტდა ვენახის ფართობი, მან შეადგინა 549 კვ.მ, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის საფუძველზე (ს.ფ. 103). რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მომზადდა საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 124).
ჩიხის თემის საკრებულოს 1992-1999 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებით დასტურდება, რომ აწ გარდაცვლილ შ. მ-ის ძე ზ-ის კომლი შედგება ორი სულისაგან ზ-ე შ. - კომლის უფროსი და ზ-ე ზ.ი - შვილიშვილი (ს.ფ. 104).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის გაანალიზებითა და საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებით გაირკვა, რომ სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს არა საჩხერეში, ... №5-ში, არამედ ეს იყო კოლმეურნეობების დროიდან ვენახებით დაკავებული, სოფელ ...ს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ესაზღვრებოდა ქ. საჩხერეს. ნახაზის ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენს ვენახის ერთიანი ნაკვეთის ნაწილს - განაპირა ზოლს - რომლითაც მთავრდება ვენახით დაფარული ნაკვეთი და ემიჯნება ყ-ის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტების შეჯერებით შ. ზ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტთან, ი. და ნ. ყ-ების სახელზე გაცემულ ტექპასპორტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთის გეგმასა და საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო ნახაზთან იქმნება შინაგანი რწმენა, რომ ამ სახით ნაკვეთის დანაწევრება (საერთო ფართიდან მხოლოდ 40 კვ.მ-ს ჩამოჭრა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ ვერ მოხდებოდა, მით უფრო, რომ ერთიანი ნაკვეთის დანარჩენი ნაწილი შ. ზ-ზე (უფლებამონაცვლე ზ. ზ-ე) უკვე იყო გადაცემული. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის წარმოებული დავის პროცესში აქცენტი იყო გადატანილი იმ გარემობაზე, რომ შ. ზ-ს ჩამოეჭრა ნაკვეთი და იგი გადაეცა მოსარჩელის ბაბუას, თუმცა ასეთის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლომ ი. ყ-ის წარმომადგენელს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა, კერძოდ, მოსარჩელის ბაბუის, ი. ყ-ის ან მამის, ნ. ყ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მხარის მიერ არ შესრულდა; სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით კი გაირკვა, რომ ი. ყ-ის კუთვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ტექბიუროს არქივში დაცული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია საქმეში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი და ს.ფ. 93).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე თავის პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით ამყარებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იმავე მხარეებს შორის წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია საქმის ფაქტობრივი გარემობები და ისინი დამატებით მტკიცებას არ საჭიროებენ, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით უცვლელი დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ზ. ზ-ის სარჩელის უარყოფის შესახებ. ზ. ზ-ე აღნიშნულ საქმეზე ითხოვდა 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი. ყ-ის მხრიდან უკანონო ხელყოფის აღკვეთას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდება ფაქტობრივი გარემოება - ნამდვილად შედის თუ არა სადავო ნაკვეთი შ. ზ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ნაკვეთში, ამდენად შ. ზ-ე არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ხანდაზმული იყო (ს.ფ. 30).
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საქმე (2009 წელს) წარმოებდა მოსარჩელე ზ. ზ-სა და მოპასუხე ი. ყ-ს შორის, ხოლო ამჟამად განსახილველ საქმეზე მხარეები არიან: ი. ყ-ი (მოსარჩელე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები), ზ. ზ-ე (მესამე პირი).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა არ შეიძლება მიენიჭოს წინამდებარე ადმინისტრაციული საქმის განხილვისას. მოცემულ შემთვევაში დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული მოქმედება და აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებები უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალების ანალიზი და მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები ცხადყოფს, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მიხედვით სადავო იყო ის ფაქტი თუ რამდენად კანონიერად განახორციელა ზ. ზ-მ საკუთრების უფლების რეგისტრაცია 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და რამდენად მართებულად შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ი. ყ-ის სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ეს უკანასკნელი მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი. ყ-მა მამის, ნ. ყ-ისაგან, მემკვიდრეობით მიიღო საჩხერეში, ... №3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 1010 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (იხ. სამკვიდრო მოწმობა ს.ფ. 134-135). სარეგისტრაციო განაცხადითაც ი. ყ-ი აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა. სარჩელითა და დაზუსტებული სარჩელით კი მან სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საჩხერეში, ... №5-ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა (ს.ფ. 6; 60; 118; 157).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო, თანახმად ,,საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტისა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ უნდა წარედგინა კორექტირებული ნახაზი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის, რომ კორექტირებული ნახაზი განმცხადებელს სარეგისტრაციო სამსახურისთვის არ წარუდგენია, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა თანახმად ,,საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტისა, რომლის მიხედვითაც, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882010632490-05 - კანონშესაბამისია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საქმის მასალების მიხედვით, საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა 2009 წლის 3 აგვისტოს მოახდინა 549 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მათ შორის სადავო 40 კვ.მ. ნაკვეთის) რეგისტრაცია ზ. ზ-ის სახელზე №371 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და გასცა საკადასტრო გეგმა, თანახმად, ”საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა, რომლის მიხედითაც, რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ნაკვეთი რეგისტრირებულია ზ. ზ-ის სახელზე, სარჩელის ნაწილზე ი. ყ-ს უარი ეთქვა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს ზ. ზ-ის საკუთრების რეგისტრაციის კანონშესაბამისობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ შედის შ. ზ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ მე-6 ნაკვეთში (აქტის მიხედვით ,,...» 0.07 ჰა) და რომ აღნიშნულ ნაკვეთზე ი. ყ-ის მამკვიდრებელს მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა შ. ზ-ს – ზ. ზ-ის ბაბუას და კანონიერ მფლობელობაში გადაეცა ყ-ების ოჯახს. მოგვიანებით ნ. ი.ს ძე ყ-ის სახელზე 1010 კვ.მ. ფართზე გაიცა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა. კასატორის მითითებით, სწორედ ამ 1010 კვ.მ. მიწის ნაკვეთში შედის ის 40 კვ.მ., რომელიც შ. ზ-ის გარდაცვალების შემდეგ გახდა სადავო.
კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ზ-ის სიცოცხლეში, უშუალოდ მის მიერ ყ-ების მიმართ კანონით დადგენილი წესით არანაირი პრეტენზია არ ყოფილა წარდგენილი. კასატორის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 20 წლის განმავლობაში საჩხერის რაიონში არავისთვის და პირველ რიგში უშუალოდ შ. ზ-ის ოჯახისათვის საიდუმლო არ ყოფილა, რომ შ. ზ-ისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი, მათ შორის 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ყ-ების მიერ და სწორედ ამ შემოღობილ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ნ. ყ-ის სახელზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ იგი ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული საქმის გამოთხოვას, რომლითაც დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 20 წლის განმავლობაში შედიოდა ყ-ების ოჯახის მფლობელობაში და შ. ზ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ 700 კვ. მეტრში არ შედის სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 31 მაისს ი. ყ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს და მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. საჩხერე, ... №3) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ს.ფ. 44). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 4 ივნისის №882010632490-03 გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ» ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება და განმცხადებელს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დაევალა (ს.ფ. 14). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 ივლისის ¹186326 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2010 წლის 4 ივნისის №882010632490-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე (ს.ფ. 18). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 5 ივლისის №882010632490-05 გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად ი. ყ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ს.ფ. 116).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ყ-ებისა და ზ-ების ოჯახებს შორის დავა მიმდინარეობს 1992 წლიდან. 2009 წლის 3 აგვისტოს (2009 წლის 28 ივლისის განცხადების საფუძველზე) საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა 549 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მათ შორის სადავო 40 კვ.მ. ნაკვეთის) რეგისტრაცია მოახდინა ზ. ზ-ის სახელზე 1995 წლის 15 მაისის №371 მიწის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2009 წლის 13 ივლისის ¹4/ზ საარქივო ამონაწერის საფუძველზე და გასცა საკადასტრო გეგმა. 1995 წლის 15 მაისის №371 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით შ. ზ-ს გადაცემული აქვს სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მათ შორის მე-6 ნაკვეთი ,,...» – 0.07 ჰა საზღვრებში: ჩრდილოეთით - შ-ი, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით – ზ-ე, დასავლეთით – ყ-ი (ს.ფ. 101).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დავას არ იწვევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს დღეის მდგომარეობით ფლობს ყ-ების ოჯახი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. ყ-სა და ზ. ზ-ს შორის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შ. ზ-ე (ზ. ზ-ის მამკვიდრებელი) არ წარმოადგენდა სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ვინაიდან, საქმის მასალებით ვერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება ნამდვილად შედიოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი შ. ზ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე ზ. ზ-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო. ამასთან, სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ყ-ების ოჯახს სადავო მიწის ნაკვეთზე შეუნარჩუნდა მფლობელობა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სამოქალაქო საქმეზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხს სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა, შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ი. ყ-სა და ზ. ზ-ს შორის წარმოებულ სამოქალაქო საქმესა და განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში სხვადასხვა მხარეების არსებობა გამორიცხავს გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებას და მოცემულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა და არ დაასაბუთა თუ რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამოქალაქო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ სამართალურთიერთობის მიმართ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ი. ყ-სა და ზ. ზ-ს შორის წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელი არ იყო მიმართული ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ და დავა მიმდინარეობდა კერძო პირებს შორის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (მაშინ, როცა სადავო სამართალურთიერთობაში დავის საგანს ზ. ზ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების დადგენა წარმოადგენს), მაგრამ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დადგინდა სწორედ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირდაპირ კავშირშია სადავოდ ქცეული ზ. ზ-ის სახელზე (40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებასთან.
მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საქმეზე, არ ცვლის მის პრეიუდიციულ ძალას სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტი ასევე მოიცავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სავალდებულოობას, მის პრეიუდიციულ ძალას, რომლებიც ასევე არ საჭიროებენ დადასტურებას - მტკიცებას მხარეთა მიერ წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე ი. ყ-სა და ზ. ზ-ს შორის არსებული სამართალურთიერთობის მიმართ პრეიუდიციული ძალა გააჩნია სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კანონიერ ძალაში შესული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და ისინი დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა ის გარემოება, რომ შ. ზ-ე (ზ. ზ-ის მამკვიდრებელი) არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (ვინაიდან, საქმის მასალებით ვერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება ნამდვილად შედიოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი შ. ზ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთში) და სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადავო მიწის ნაკვეთზე ყ-ების ოჯახის მფლობელობა არ შეზღუდულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2009 წლის 3 აგვისტოს (2009 წლის 28 ივლისის განცხადების საფუძველზე) საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა 1995 წლის 15 მაისის №371 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოახდინა ზ. ზ-ის სახელზე 549 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მათ შორის სადავო 40 კვ.მ. ნაკვეთის) რეგისტრაცია, მაშინ, როდესაც არ დასტურდებოდა ნამდვილად შედიოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი შ. ზ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთში და შ. ზ-ე (ზ. ზ-ის მამკვიდრებელი) არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ზ. ზ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შეფასებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ზ. ზ-ე არ წარმოადგენდა სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და არ არსებობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სადავოდ ქცეული რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ზ. ზ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია და გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საქმეზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან, რაც საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არ არის ცნობილი ზ. ზ-ის სახელზე განხორციელებული სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მიიჩნევს, რომ, მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სტილისტური გაუმართაობისა, გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში უდავოდ არის მითითებული საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 3 აგვისტოს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. ყ-ი საკასაციო საჩივრით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს, რომლითაც ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთან, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ყ-ს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო უძრავი ქონების ი. ყ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალდებულებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ი. ყ-ის სახელზე სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების დავალდებულებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ კასაციის ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ზ. ზ-ის სახელზე (2009 წლის 28 ივლისის განცხადების საფუძველზე) 2009 წლის 3 აგვისტოს სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება როგორც ზ. ზ-ის, ასევე, ი. ყ-ის სამართლებრივი კავშირი სადავო 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეზე დავას არ იწვევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს დღეის მდგომარეობით ფლობს ყ-ების ოჯახი, ხოლო სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ყ-ების ოჯახს შეუნარჩუნდა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. ასევე, საქმეზე არ არის დადგენილი, რომ ზ. ზ-ე ი. ყ-თან შედარებით სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში უკეთესი უფლებით სარგებლობდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელისათვის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად ისე მიუთითა მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ზედდებაზე, რომ არ გამოიკვლია და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რაც სარეგისტრაციო სამსახურს შესაძლებლობას მისცემდა არსებითად ემსჯელა ი. ყ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს ქ. სარჩერეში, ... ¹3-ში მდებარე 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ზ. ზ-ის სახელზე განხორციელებულ საკუთრების უფლების რეგისტრაციას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ი. ყ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 5 ივლისის ¹882010632490-05 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ი. ყ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ანტონ რობაქიძის მიერ ი. ყ-ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ზ. ზ-ის სახელზე (2009 წლის 28 ივლისის განცხადების საფუძველზე) 2009 წლის 3 აგვისტოს ქ. საჩხერეში, ... ¹3-ში მდებარე 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ი. ყ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 5 ივლისის ¹882010632490-05 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს ანტონ რობაქიძის სასარგებლოდ მის მიერ ი. ყ-ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 300 ლარის ანაზღაურება დაეკისროს;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.