Facebook Twitter

ბს-979-972(კ-11) 12 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ქ. ზ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

15.10.10წ. ქ. ზ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი აქტი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2010წ. გადაწყვეტილებით ქ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს 20.02.2009წ. გადაწყვეტილება ქ. ზ-ისათვის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 9.09.2010წ. ¹15-08/1/16745 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ზ-ისათვის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის გაცემის თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.12.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2011წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2010წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2011წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.