ბს-993-986(გ-11) 3 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია
მოპასუხე - შპს «...»
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის წარმომადგენელმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს «ნ-ის» მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 58-ე მუხლით, იმ მოტივით, რომ 2006 წლის 28 დეკემბერს ე.წ. «თევზის ბაზრის» მიმდებარე ტერიტორიაზე შპს «ნ-ის» კუთვნილ მიწის ქვემოთ გამავალი მილები დაზიანდა, რის გამოც მილებიდან გადმოღვრილი ნავთობპროდუქტი მდინარე ბარცხანაში ჩაიღვარა. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი და შავი ზღვის დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის შესახებ მასალები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 იანვრის დადაგენილებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებიდან ცალკე წარმოებად გამოეყო მასალები ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოება შეჩერდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებით შპს «ნ-ის» მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს «ნ-ის» დირექტორის მ. ჰ-ის მიმართ შეწყდა. დადგინდა, რომ მილები, საიდანაც ჩაიღვარა ნავთობპროდუქტი, იყო არა შპს «ნ-ის», არამედ შპს «...-ს» საკუთრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსმა საჩივარი შეიტანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის დადგენილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დადგენილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის დადგენილებით შპს «ნ-ის» დირექტორის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში განახლდა, ხოლო 2008 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვლავ შეჩერდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება განახლდა იმ საფუძვლით, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აღარ იყო ვალდებული შეეჩერებინა საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს «...-ს» სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 249 300 ლარი დაეკისრა; ასევე მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...-ს» წარმომადგენელმა.
აღნიშნული საქმე განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატს გადაეცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით შპს «...-ს» წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატს გადაეცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის სარჩელი მოპასუხე - შპს «...-ს» მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის მე-401 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციამ სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადებასთან ერთად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. შპს «ნ-ის» დირექტორის მიმართ ასკ-ის 58-ე მუხლით წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო. მიყენებული ზიანის დაკისრების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 და მე-401 მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განხილული ვერ იქნება, რამდენადაც აპელანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით სახდელი არ დადებია. ამასთან, არ არსებობს ადმინისტრაცვიული სამართალდარღვევის თაობაზე სახდელის დადების აქტი და დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება, რომ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და საქმე ადმინისტრაციული პალატის განსჯადია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 343 თავი, რომლის 30916-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამდენად, ვინაიდან შპს «ნ-ის» მიმართა დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შპს «...ს» სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნა დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე არასწორია და ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. შაკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სასამართლოს დასკვნა, დავის ადმინისტრაციუალდ მიჩნევის თაობაზე გამომდინარეობდა იმ გარემოებიდან, რომ დავის საგანს წარმოადგენდა გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი» განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციულ გადაცდომად მიჩნეულია ქმედება, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია თუ რომელი ადმინისტრაციული სახდელების სახეები შეიძლება დაეკისროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის მე-401 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის დაინტერესებულ ორგანოდ/თანამდებობის პირად ჩაითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბალანსზეც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება, და შესაბამისად, რომელსაც ჩადენილი ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ფაქტის გამო მიადგა ზიანი, ან რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციამ სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადებასთან ერთად, ასევე მოითხოვა მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. შპს «ნ-ის» დირექტორის მიმართ ასკ-ის 58-ე მუხლით წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, იმ გარემოების გამო, რომ ზემომითითებულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული პალატის დასკვნას, რომ მიყენებული ზიანის დაკისრების საკითხი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 და მე-401 მუხლების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სასამართლოს განხილვის საგანი ვერ იქნება, რამდენადაც აპელანტს _ შპს «...» ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით სახდელი არ დადებია, აგრეთვე არ არსებობს ადმინისტრაცვიული სამართალდარღვევის თაობაზე სახდელის დადების აქტი და შესაბამისად, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 343-ე თავი, რომლის 30916-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «ნ-ის» მიმართა დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ამდენად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მართებულად იმსჯელა, რომ მოცემული დავა არ არის დაკავშირებული იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...ს» სარჩელი მოპასუხის - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.