ბს-177-175(კ-11) 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ პ. გ-ი; ნ. ხ-ე; მ. ლ-ე; ჯ. ს-ი; ნ. ჭ-ე; მ. ა-ი; რ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მთავრობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 1 მაისს პ. გ-მა, ნ. ხ-მ, მ. ლ-მ, ჯ. ხ-მა, ი. ჭ-მ, ჯ. ს-მა და ი. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მთავრობის მიმართ.
მოსარჩელეებმა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებით გარდაცვლილი მოსარჩელის - ი. ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ. ჭ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით მოსარჩელეებს - ჯ. ხ-ს, ი. ჭ-ს, ვ. ჭ-სა და მოპასუხე – ქ. თბილისის მთავრობას შორის დამტკიცდა 2008 წლის 3 ივნისს მიღწეული მორიგება; ჯ. ხ-ის, ი. ჭ-ისა და ვ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება.
2007 წლის 1 მაისს ნ. ჭ-მ, რ. ი-მა, მ. ა-მა, ე. ჭ-მ, ნ. ს-მ, ზ. კ-მა, ბ. ი-მა, ჯ. მ-მა, ბ. გ-მ, რ. შ-მ, ნ. გ-მ და გ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მთავრობის მიმართ.
მოსარჩელეებმა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით მოსარჩელეებს – ზ. კ-ს, ჯ. მ-ს, ნ. გ-სა და მოპასუხე – ქ. თბილისის მთავრობას შორის დამტკიცდა 2008 წლის 20 მაისს მიღწეული მორიგება; ზ. კ-ის, ჯ. მ-ის და ნ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით ბ. (ხ.) ი-ს, ბ. გ-ს, რ. ი-სა და მოპასუხე – ქ. თბილისის მთავრობას შორის დამტკიცდა 2008 წლის 20 მაისს მიღწეული მორიგება; ბ. (ხ.) ი-ის, ბ. გ-ის და რ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით რ. შ-ს, გ. კ-სა და და მოპასუხე – ქ. თბილისის მთავრობას შორის დამტკიცდა 2008 წლის 3 ივნისს მიღწეული მორიგება; რ. შ-ის და გ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის განჩინებით მოსარჩელეების - პ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ისა და ჯ. ს-ის მიერ, მოპასუხის – ქ. თბილისის მთავრობის მიმართ აღძრულ საქმეს გაუერთიანდა ამავე კოლეგიის წარმოებაში არსებული მეორე ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელეების – ნ. ჭ-ის, მ. ა-ის, ე. ჭ-ისა და ნ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - თბილისის მთავრობის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელე – ე. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელის – ე. ჭ-ის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით მოსარჩელე – ნ. ს-სა და მოპასუხე – ქ. თბილისის მთავრობას შორის დამტკიცდა 2010 წლის 23 აპრილს მიღწეული მორიგება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით პ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ის, ჯ. ს-ის, ნ. ჭ-ისა და მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პ. გ-მა, ნ. ხ-მ, მ. ლ-მ, ჯ. ს-მა, ნ. ჭ-მა და მ. ა-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. მ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით პ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ის, ჯ. ს-ის, ნ. ჭ-ისა და მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ის, ჯ. ს-ის, ნ. ჭ-ის, მ. ა-ისა და რ. მ-ის წარმომადგენელმა პ. კ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება მათ ნაწილში საკასაციო წესით ცალკე გაასაჩივრეს ნ. ჭ-მ, მ. ა-მა და ჯ. ს-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების მათ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით განუხილველი დარჩა ნ. ჭ-ის, მ. ა-ისა და ჯ. ს-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ის, ჯ. ს-ის, ნ. ჭ-ის, მ. ა-ისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი პ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ის, ჯ. ს-ის, ნ. ჭ-ის, მ. ა-ისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 23 ივნისს 11:30 საათზე.
2011 წლის 31 მაისს ქ. თბილისის მერიის იურიდიულმა საქალაქო სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2011 წლის მაისის თვეში ქ. თბილისის მთავრობას და პ. გ-ს შორის გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
,,ერთის მხრივ, მოსარჩელე პ. გ-ი, წარმოდგენილი პ. კ-ის სახით და მეორეს მხრივ, ქ. თბილისის მთავრობა, წარმოდგენილი ქ. თბილისის მერის, გიორგი უგულავას სახით, სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით (თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა) ვდებთ წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგზე:
1. ქ. თბილისის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინებით დამტკიცებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹19.25.450 დადგენილების პირველი მუხლის (პ. გ-ის ოჯახისათვის ქ. თბილისში, ...ის ბინა ¹17-ის გამოყოფის თაობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში.
2. ქ. თბილისის მთავრობა თავისუფლდება მშენებლობის დასრულების ვალდებულებისაგან საცხოვრებელ კორპუსზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ბინა ¹17-ზე.
3. ქ. თბილისის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესამაბისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცეს წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტში აღნიშნული საცხოვრებელი ბინა.”
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემული საქმის განხილვას გამოეყო პ. გ-ს, მ. ლ-ს, ნ. ხ-ს, რ. მ-სა და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული მორიგების აქტების დამტკიცების საკითხის განხილვა და იგი ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს პ. გ-სა და ქ. თბილისის მთავრობას შორის მორიგება და მოცემულ საქმეზე პ. გ-ის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა პ. გ-სა და ქ. თბილისის მთავრობას შორის 2011 წლის მაისის თვეში გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთი მხრივ, პ. გ-ის წარმომადგენლის პ. კ-ის მიერ (24.01.07 მინდობილობა; ტ. I; ს.ფ. 22), ხოლო მეორეს მხრივ, ქ. თბილისის მერის გიორგი უგულავას მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და პ. გ-ის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს პ. გ-სა და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული მორიგების აქტი და პ. გ-ის ნაწილში უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს პ. გ-სა და ქ. თბილისის მთავრობას შორის 2011 წლის მაისის თვეში გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
,,ერთის მხრივ, მოსარჩელე პ. გ-ი, წარმოდგენილი პ. კ-ის სახით და მეორეს მხრივ, ქ. თბილისის მთავრობა, წარმოდგენილი ქ. თბილისის მერის, გიორგი უგულავას სახით, სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით (თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა) ვდებთ წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგზე:
1. ქ. თბილისის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინებით დამტკიცებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹19.25.450 დადგენილების პირველი მუხლის (პ. გ-ის ოჯახისათვის ქ. თბილისში, ...ის ბინა ¹17-ის გამოყოფის თაობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში.
2. ქ. თბილისის მთავრობა თავისუფლდება მშენებლობის დასრულების ვალდებულებისაგან საცხოვრებელ კორპუსზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ბინა ¹17-ზე.
3. ქ. თბილისის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესამაბისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცეს წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტში აღნიშნული საცხოვრებელი ბინა.”
3. მოცემულ საქმეზე პ. გ-ის ნაწილში შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.