Facebook Twitter

ბს-981-974(2კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავადცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო ს. შ-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 1 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - ს. შ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 31021 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 9306.3 ლარისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 1375.74 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 3-11).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ ცნო მოპასუხე ს. შ-მ უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 32-40).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ს. შ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით _ 31021 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 9306.3 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზიანის თანხის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 68-78).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 82-93).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 94-103).

ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო საქართველოს თავდავის სამინისტრომ უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 124-130)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება ს. შ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 9306.3 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 1209.80 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ს. შ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 9306.3,30 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; საქართველოს თავდაცვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 148-153).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 157-164).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება ს. შ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 179-186).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. შ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 191-193).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარე ს. შ-მ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა. (იხ. ს.ფ. 198-203)

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებით მომართა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ხოლო ს. შ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტვით, რომ საქართველოს თავადაცვის სამინისტროსა და ს. შ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 მუხლის შესაბამისად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და ,,სამინისტროსთან» შეუთანხმებლად დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო» იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, ,,სამხედრო მოსამსახურე» უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა გაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესაბამისად (იხ. ს.ფ 206-208)

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ს. შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.