Facebook Twitter

ბს-1038-1029(კ-11) 13 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. ჯ-ის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვ. ჯ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების _ 2816.05 აშშ დოლარის, მიუღებელი კვარტალური ჯილდოების _ 537.55 აშშ დოლარის, სხვადასხვა დროის კვების კომპენსაციების _ 1091.42 აშშ დოლარისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების _ 459 აშშ დოლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-10)

ვ. ჯ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 24-33)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის XII სახელფასო დავალიანების - 103.73 აშშ დოლარის, 1999 წლის IV თვის სახელფასო დავალიანების - 221.37 აშშ დოლარის, 1999 წლის V, VI, VII, VIII, IX, X თვეების - 921.36 აშშ დოლარის, 1999 წლის XI თვის სახელფასო დავალიანების - 153.20 აშშ დოლარის, XII თვის - 128.40 აშშ დოლარის, დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის - 14.56 და 8.68 აშშ დოლარის, 2000 წლის სახელფასო დავალიანების III თვის - 166.35 აშშ დოლარის, IV, V, VI, VII, VIII, X თვეების - 959.76 აშშ დოლარის, XI თვის - 147.32 აშშ დოლარის ანაზღაურება ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სარჩელი კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკაშირებით თანხების ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 57-64).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 69-79).

თავდაცვის სამინისტროს საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარე ვ. ჯ-მ უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 96-104)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 116-123).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 127-136).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 141-142).

ვ. ჯ-მ მოსაზრებით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 147).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1243-1205(კ-08) ლაიმა ყანჩელის სარჩელისა გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.