ბს-1403-1386(კს-11) 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Lლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ბ-ო»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს-ა»
მესამე პირი _ სსიპ შესავლების სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «ს-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს «ბ-ს» მიმართ და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ-მ» და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ბ-ს» ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შპს «ბ-ს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, დაუშვებლად მიიჩნია შპს «ბ-ს» სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ბ-ს» დირექტორს გ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2011 წლის 11 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 2011 წლის 25 ივლისს _ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ბ-მ» დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 169-172).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ბ-მ» და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ გაშვებული არ ყოფილა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს ჩაჰბარდა 2011 წლის 11 ივლისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 25 ივლისს _ 14 დღიანი ვადის დაცვით და ამდენად, მათ მიერ დაცულია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «ბ-ს» კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აგვისტოს განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «ბ-ს» კერძო საჩივარი საფუძვლიანია და შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აგვისტოს განჩინების გაუქმებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შეამოწმა რა შპს «ბ-ს» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, არამართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს «ბ-ს» დირექტორს გ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2011 წლის 11 ივლისს /იხ.ს.ფ. 241, ტ. II/, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 2011 წლის 25 ივლისს /იხ.ს.ფ. 44, ტ. III/ _ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14-დღიანი ვადის დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «ბ-ს» მიერ დაცულია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14 - დღიანი კანონისმიერი ვადა, რაც ასევე სწორად არის ათვლილი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, თუმცა მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განუხილველად დარჩა შპს «ბ-ს» სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა /სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი/, თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში შპს «ბ-ს» მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული იქნა კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს არასწორად დატოვა განუხილველად შპს «ბ-ს» სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «ბ-ს» კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები. ამასთან, ვინაიდან მხარის მიერ დაცულია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად პასუხობს შპს «ბ-ს» სააპელაციო საჩივარი საპროცესო კოდექსით დადგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ბ-ს» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აგვისტოს განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.