Facebook Twitter

ბს-1185-1174(კ-კს-11) 18 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ჟ-ს სარჩელისა გამო მოპასუხეების: სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 29 დეკემბერს ნ. ჟ-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 22 ნოემბრის ¹05/2967 ადმინისტრაციული აქტის (დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3) ბათილად ცნობა; მოპასუხეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).

მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 30-37; ტ.1).

სარჩელი არ ცნო არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამასთან, მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ ცნობა (იხ. ს.ფ. 45-52; ტ.1).

სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 162-170; ტ.1).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ცენტრის მიერ 2010 წლის 22 ნოემბერს ნ. ჟ-ს მიმართ გამოცემული ¹05/2967 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3 და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 172-174; ტ. 1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება, სააპელაციო საჩივრის ასევე აპელანტმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა მიუღებელი სოციალური შემწეობის თანხების – 1248 ლარის ანაზღაურება და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 20000 ლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-15; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლებით სააპელციო საჩივარი არ ცნეს სოციალური მომსახურების სააგენტომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრმა (იხ. ს.ფ. 19-28; 31-38; 41-49; ტ.3).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება; მიუღებელი შემწეობის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს. ფ. 60-67; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო და კერძო საჩივრებით გაასაჩივრა ნ. ჟ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას (იხ. ს.ფ. 84-93; 245-255; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 256-257; ტ.3).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო შესაგებლით მოითხოვა ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 266-271; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. ჟ-ს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.