Facebook Twitter

ბს-1200-1189(კს-11) 27 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ მ. მ-ე

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ლ. პ-სა და ნ. ც-ის მიმართ და მოითხოვა ლ. პ-სათვის მატერიალური ზიანის _ 1600 აშშ დოლარის და მორალური ზიანის _ 1000 აშშ დოლარის, ხოლო ნ. ც-ისათვის მორალური ზიანის _ 5000 ლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.1).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. მ-ის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება მ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ს.ფ. 35; ტ.1).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მ (იხ. ს.ფ. 40).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ს.ფ. 55-57).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება მ. მ-ის სარჩელზე მოპასუხეების _ ლ. პ-სა და ნ. ც-ის მიმართ, ლ. პ-სათვის მატერიალური ზიანის _ 1600 აშშ დოლარის და მორალური ზიანის _ 1000 აშშ დოლარის, ხოლო ნ. ც-ისათვის მორალური ზიანის _ 5000 ლარის დაკისრების თაობაზე (იხ. ს.ფ. 75; ტ.1).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით ლ. პ-ს მიმართ საქმის წარმოება შეწყდა მოპასუხის გარდაცვალებისა გამო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 129; ტ.1).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 181-182; ტ.1).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 3-4; 13-21ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 24-26; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სარჩელის გამო აღძრულ დავაზე, მოპასუხის _ ნ. ც-ის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას. ამასთან, მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტი საჭიროებდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა (იხ. ს.ფ. 62-67; ტ.2).

აღნიშნული განჩინება მ. მ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 90-97; 105-106; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 113-117; ტ.2).

2010 წლის 16 მარტს მ. მ-მ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, მის მიმართ 2008 წლის 3 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის არსებობა ქმნიდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და სარჩელის დაკმაყოფილების, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ნ. ც-ისათვის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს (იხ. ს.ფ. 1; ტ.3).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 7; ტ.3).

მ. მ-მ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადებით დააზუსტა განცხადების მოთხოვნა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 15-18; ტ.3).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემობათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა საქმის წარმოების განახლებას. პალატამ განმარტა, რომ ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი მ. მ-ის მიმართ არ წარმოადგენდა სსსკ-ის 1005-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის მიმართ არსებულ კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, მ. მ-ის გამამართლებელი განაჩენი ცნობილი და წარდგენილი იყო სასამართლოში სარჩელის განხილვისას და მას მოსარჩელისათვის ხელსაყრელი შედეგი არ მოჰყოლია (იხ. ს.ფ. 51-55; ტ.3).

მ. მ-მ წარადგინა შენიშვნები სხდომის ოქმზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივლისის განჩინებით დადასტურდა ნაწილობრივ (იხ. ს.ფ. 66-69; ტ.3).

ამავე პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით მ. მ-ის განცხადება 2010 წლის 24 ივნისის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ.70-73; ტ.3).

აღნიშნული განჩინება მ. მ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 75-78; ტ.3).

მ. მ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინება (იხ. სფ. 81-83; ტ.3).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივლისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი (იხ. ს.ფ. 122-125).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისისა და 2010 წლის 8 ივლისის განჩინებები (იხ. ს.ფ.149-154 ტ.3).

2011 წლის 13 მაისს მ. მ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისისა და 8 ივლისის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც უცვლელად დარჩა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით.

განმცხადებლის განმარტებით, მან კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმავე მოთხოვნით და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინება მიღებულია მისი, როგორც მხარის მონაწილეობის გარეშე, საქმე რთული კატეგორისაა და მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ გამოეყო ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლე ი. ა-მ, რომელსაც არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილება ამ გადაწყვეტილების მიღებაში (იხ. ს.ფ. 2; ტ.4).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით მ. მ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 426-ე მუხლზე და განმარტა, რომ თუ მხარემ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის შესახებ შეიტყო და იცოდა ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ასეთი განცხადებით მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კონკრეტულ შემთხვევაში - 2010 წლის 16 თებერვლიდან. Aმდენად, სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მიერ გაშვებულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, რომლის გაგრძელება არ დაიშვება (იხ. ს.ფ. 13-16).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 19; ტ.4).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სსკ-ის 422.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდებოდა) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებში.

ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და დასრულებული საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ბათილობის საფუძვლების წამოყენება პროცესის ადრე ეტაპზე, კერძოდ, შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებში ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მხოლოდ ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში, არ შეეძლო რა დროსაც მხარემ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლების ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წამოყენების შეუძლებლობა.

ამასთან, სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ის განცხადება ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არსებითად სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, განმცხადებელი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას იმ მოტივით, რომ აღნიშნული განჩინება გამოტანილ იქნა მისი, როგორც მხარის მონაწილეობის გარეშე, საქმე რთული კატეგორიის იყო და მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ გამოეყო ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლე ი. ა-მ, რომელსაც არ ჰქონდა უფლება, მიეღო მონაწილება ამ გადაწყვეტილების მიღებაში მისთვის ცნობილი გახდა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინების ჩაბარების დღიდან - 2010 წლის 16 თებერვალს, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინება და აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს სწორედ 2010 წლის 16 თებერვლიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მან 2010 წლის 16 მარტს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განცხადებაში მითითებული არ ყოფილა ზემო აღნიშნულ იმ საფუძვლებზე, რითაც ითხოვდა მ. მ-ე სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებას 2011 წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლო შეტანილი განცხადებით (იხ. ს.ფ. 1; ტ.4).

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 426-ე და 429-ე მუხლების შესაბამისად, მართებულად დატოვა მ. მ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად ღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მისი განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დაეტოვებინა არა გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, არამედ იმ მიზეზით, რომ მას განცხადებში მითითებული არ ჰქონდა იმ გარემოებებზე, რაც წარმოადგენდა განცხადების ბათილად ცნობის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.