ბს-916-909(2კს-11) 27 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-ე
დავის საგანი _ ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 29 ნოემბერს ლ. ს-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვ. ს-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 8 ივლისის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 428 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილის ვ. ს-ისათვის პირად საკუთრებად გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-3; ტ.1).
ლ. ს-ის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა _ ვ. ს-მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 15-18; 109-110; ტ.1).
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საერთო სარგებლობაში 209,4 კვ.მ ფართის დატოვება, ხოლო დანარჩენი ფართის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა (იხ. ს.ფ. 102; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 113-121; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 129-137; ტ.1).
ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და ვ. ს-მ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 165-172; 178-182; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებში შევიდა ცვლილება ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე არასაცხოვრებელ-სამეურნეო დანიშნულების 428 კვ.მ მიწის ფართიდან 209,4 კვ.მ აღირიცხა ლ. ს-ისა და ვ. ს-ის საერთო საკუთრებად, ხოლო დანარჩენი 218 კვ.მ მიწა აღირიცხა ლ. ს-ის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 223-233; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 245-255; ტ.1).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 324-334; ტ.1).
2011 წლის 15 მარტს ვ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შემდეგი მოტივებით:
განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის განჩინება მოსამართლე თ. ს-ის თვითაცილების თაობაზე არ ჩაბარებიათ და შესაბამისად აღნიშნულის თაობაზე არაფერი იყო ცნობილი. მოგვიანებით კი, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე – ლ. ს-ე და პალატის მოსამართლე – თ. ს-ე არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები – ბიძაშვილები.
განმცხადებლის განმარტებით, მოსამართლე – თ. ს-მ მონაწილეობა მიიღო ლ. ს-ის კერძო საჩივრის განხილვაში, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო განჩინების მიღება და შემდგომში კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.
ამასთან, განმცხადებლის მითითებით, როგორც პირველ, ისე ზემდგომ ინსტანციებში საქმე განხილულ იქნა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 8 ივლისის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, ვ. ს-ისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 428 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½1/2 ნაწილის პირადი საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. მითითებული სარჩელი განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ. განმცხადებლის მოსაზრებით, დავა უნდა განეხილა არა ადმინისტრაციულ კოლეგიას, არამედ სამოქალაქო კოლეგიას, ვინაიდან რეესტრის ჩანაწერები ეხებოდა ორ ფიზიკურ პირს, ხოლო მას შემდეგ, როცა მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოითხოვა საერთო სარგებლობაში 209.4 კვ.მ. მიწის ფართობის დატოვება, ხოლო დანარჩენი 218,6 კვ.მ. მიწის ფართის ლ. ს-ის საკუთრებაში აღრიცხვა უკვე სამოქალაქო სამართალწარმობის წესით უნდა გადაწყვეტილიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ ჰქონდა ლ. ს-ის სააპელაციო საჩივრის ადმინისტრაციული წესით განხილვის უფლება, რაც განმცხადებლის განმარტებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
განმცხადებლის მითითებით, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოები გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნენ 1955 წელს მხარეებს შორის დადებულ ეგრეთ წოდებულ ,,შინაურულ გარიგებას”, რომელიც როგორც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი, თავის დროზე ბუნებაში არ არსებობდა. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული გარიგება რომც ყოფილიყო, იგი არ უნდა დადებულიყო ძ-სა და ბ-ს შორის, ვინაიდან აღმასკომის გადაწყვეტილება მიღებულია ვ. ს-ის სახელზე და მას მიეცა ნებართვა ფართის დაშენების და ათეული წლების განმავლობაში დღემდე დაშენებული ფართი რეგისტრირებულია ვ. ს-ის სახელზე და არა ბ-ის სახელზე. ასეთ გარიგებას ადგილი რომც ჰქონოდა, სასამართლოს აღნიშნული დავის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან 1965 წელს გარიგების მონაწილე გახდა ვ. ს-ე ასევე 1971 წელს ავტოფარეხი დარეგისტრირდა სათანადო წესის დაცვით ვ. ს-ზე, აღნიშნულით განმცხადებელს მიაჩნია, რომ ე.წ. ,,შინაურული გარიგება” შედგენილია ნ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ უკანა თარიღით და მას ხელს არ აწერს ნ. ბ-ე ანუ ხელმოწერა გაყალბებულია, რაც გამორკვეული და დადასტურებულია 2011 წლის 11 თებერვლის კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშული დასკვნის მიღების შემდეგ გადაამოწმეს ტექკნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები, თუ იყო მიწა რეგისტრირებული საერთო სარგებლობის უფლებით და 2011 წლის 7 მარტს მიღებული ტექნიკური პასპორტით დადასტურდა, რომ 428 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის მიწის ფართს. აღნიშნული ტექპასპორტი ლ. ს-ს სარჩელთან ერთად სასამართლოში არ წარუდგენია, მისთვის ტექპასპორტი იყო ხელმიუწვდომელი, არ აძლევდნენ და მხოლოდ 2011 წლის 7 მარტს გახდა შესაძლებელი ლ. ს-ის სახელზე 1986 წელს შედგენილი ტექპასპორტის მიღება.
განმცხადებლის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მიღებისას საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს (იხ. ს.ფ. 1-6; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ვ. ს-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა განხილვა (იხ. ს.ფ. (იხ. ს.ფ. 60-65; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის შუამდგომლობა მოსამართლე გ. ქ-ს აცილების თაობაზე (იხ. ს.ფ. 80-81; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ,,ვ” და ,,ე” ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიუთითა, რომ ვ. ს-ის წარმომადგენლის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. ს.ფ. 96-100; ტ.2)
მითითებული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსამართლე გ. ქ-ა პირადად იყო დაინტერესებული
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი რეალური დოკუმენტები და დაეყრდნო ,,ნასყიდობის გარიგებას”, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით ნ. ბ-ის ხელმოწერა არ დასტურდებოდა, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ამასთან, როდესაც მიიღეს ექსპერტიზის დასკვნა და დარწმუნდნენ, რომ ეგრეთ წოდებული ,,შინაურული გარიგება” გაყალბებულია, საინტერესო იყო იმის გაგება სადავო 428 კვ.მ მიწა იყო თუ არა ოდესმე მის საკუთრებაში. 2001 წლის 7 მარტს მოიპოვეს ე. ძ-ისა და ლ. ს-ის ტექპასპორტები, საიდანც გამოირკვა, რომ 428 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთს. ამასთან, ლ. ს-ის ტექპასპორტში შენობა-ნაგებობის გრაფაში სახლთან და ორ სათავსოსთან ერთად მითითებული იყო მეოთხე შენობა-ნაგებობა – მათი ავტოფარეხი. რაც არც ე. ძ-ის ტექპასპორტში და არც ნ. ს-ის მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში არ იყო მითითებული, აღნიშნული წარმოადგენს ლ. ს-ის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ სიყალბის ფაქტს. დაკანონებისა და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები დაცულია ტექბიუროში ე. ს-ის სახელზე. ასევე მითითებულია მის ავე ტექპასპორტსა და მასზედ დართულ მიწის გეგმაშიც, რომელიც სარჩელს ერთვის.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ლ. ს-ის სახელზე 1986 გაცემული ტექპასპორტი თავის როზე რომ მოეპოვებინათ და წარედგინათ სასამართლოში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული მით უფრო დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ ავტოფარეხი, კანონიერად არის 1971 წლიდან რეგისტრირებული მის სახელზე და ამასთან, ეზოში აქვთ მაზუთსა და ელექტროდენზე მომუშავე გათბობის დანადგარები, წყლის ონკანი, ვენახი და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურა, გამათბობლების ეზოში აგების გამო ლ. ს-ისაგან და მის დედასთან ეკატერინე ძ-თან შეთანხმებით ეზოში ცალკე გაკეთდა ჭიშკარი ბავშვების უსაფრთხოების გამო.
სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად უნდა მიეჩნია ლ. ს-ის ტექპასპორტში მითითებული ვ. ს-ის კუთვნილი ავტოფარეხი და არა ის, რომ, თითქოს ტექპასპორტით მათ მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ სადავო მიწა საერთო სარგებლობაში ჰქონდათ. აქ ახალი გარემოება სწორედ ყალბი ჩანაწერია, რომელზეც სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს.
ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, იმ გარემოებაზე, რომ ე. წ. ,,ნასყიდობა” თავის დროზე უნდა გამოეკვლიათ და გაეხადათ სადავოდ, მართალია, იგი მხარის მიერ სარჩელთან ერთად იყო წარდგენილი, მაგრამ იგი ფაქტობრივად არც ერთ ინსტანციაში არ ყოფილა გამოკვლეული და არც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან დავის საგანი იყო რეესტრის რეგისტრაციის ბათილობა, რაც უნდა გადაწყვეტილიყო ტექბიუროსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ასევე მიწის საკუთრებაზე დავა უნდა გადაწყვეტილიყო ერთ სახლმართველობაში შემავალი მესაკუთრეების წილის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა გასაჩივრებული 2009 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 117-121; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, მითითებს, რომ აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, რაზეც გამოაქვს მოტივირებული განჩინება თვითაცილების საფუძვლის მითითებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექის 31-ე მუხლი შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაში მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. მითითებული მუხლის დ) პუნქტის თანახმად, /რაზეც აპელირებს მხარე/ მოსამართლემ არ შეძილება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში თუ იგი პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით, ან თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
შესაბამისად, კერძო საჩივრის მოტივი, რომ მოსამართლე თ. ს-ს და მოსამართლე გ. ქ-ს აქვთ ერთად მუშაობის დიდი ხნის სტაჟი, არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება საქმის წარმოებისგან მოსამართლის აცილების საფუძველი და კერძო საჩივრის ავტორმაც ვერ დაასაბუთა თუ რატომ იყო მოსამართლე გ. ქ-ა მიკერძოებული საქმის განხილვისას ან რაში გამოიხატებოდა მოსამართლე გ. ქ-ს საქმის განხილვის შედეგისადმი პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება, შესაბამისად, სახეზე არ იყო მოსამართლის მიერ სსსკ-ის 32-ე მუხლის გამოყენების პროცესულაური წინაპირობა, ამდენად, კერძო საჩივრის აღნიშნული მოტივი დადასტურებას ვერ ჰპოვებს საქმის მასალებით და არ არსებობს მისი გაზიარების პროცესუალური წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.2 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება ამავე კოდექსის 423.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით, დასაშვებია, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. სსსკ-ის 423.3 მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მოქმედი საპროცეო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების გაუქმებას და დასრულებული საქმის წარმოების განახლებას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხილოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სსსკ-ის 423.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან სიყალბის ფაქტი არ არის დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. განმცხადებელს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექპერტიზის და აუდიტის ეროვნული დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 2 თებერვლის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ 1955 წლის ნასყიდობის გარიგებაზე არსებული ნ. ბ-ის ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებეული არაა ნ. ბ-ის მიერ, ხოლო კატეგორიული ფორმით პასუხს, რომ ხელმოწერა ნ. ბ-ის მიერ არაა შესრულებეული ექსპერტი ვერ იძლევა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ,,ნასყიდობის გარიგება” ვ. ს-ისათვის ცნობილი იყო მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დროსაც და მას იმ დროს გარიგებაზე არსებული ხელმოწერის ნამდილობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითებდა, მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის გარიგება იყო ფარატინა ფურცელზე კანონის დარღვევით შესრულებული ჩანაწერი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (იხ. ს.ფ. 15-18; ტ.1).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 423.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი საქმის წარმოების განახლებისათვის, რადგან საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ექსპერტის სავარაუდო დასკვნა რაც არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დოკუმენტები, რასაც დაეყრდნო სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანისას, ყალბია.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენდა ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე სახლთმფლობელობის ტექპასპორტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ მასზე დამაგრებული იყო საერთო სარგებლობის 428 კვ.მ. მიწის ფართი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საფუძველი, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში ვ. ს-ე მიუთითებდა ტექინვენტარიზაციის ბიუროს მითითებული მონაცემების შესახებ და აღნიშნულის დასტურად წარმოადგენდა ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 25 სექტემბრის ¹369 ცნობას. სახლთმფლობელობაზე საერთო სარგებლობის 428 კვ.მ. ფართის აღრიცხვის ფაქტი ასევე დასტურდებოდა მის მიერ წარმოდგენილი 1986 წლის მემკვიდრეობის უფლების მოწმობითაც. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, ტექპასპორტის ჩანაწერების სიყალბის თაობაზე, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის მართებულად გამოყენების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. რის გამოც არ არსებობს ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე, 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.