Facebook Twitter

ბს-916-909(2კს-11) 27 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-ე

დავის საგანი _ ახალდ აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 29 ნოემბერს ლ. ს-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვ. ს-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 8 ივლისის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 428 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილის ვ. ს-ისათვის პირად საკუთრებად გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-3; ტ.1).

ლ. ს-ის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა _ ვ. ს-მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 15-18; 109-110; ტ.1).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საერთო სარგებლობაში 209,4 კვ.მ ფართის დატოვება, ხოლო დანარჩენი ფართის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა (იხ. ს.ფ. 102; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 113-121; ტ.1).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 129-137; ტ.1).

ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და ვ. ს-მ და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 165-172; 178-182; ტ.1).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებში შევიდა ცვლილება ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე არასაცხოვრებელ-სამეურნეო დანიშნულების 428 კვ.მ მიწის ფართიდან 209,4 კვ.მ აღირიცხა ლ. ს-ისა და ვ. ს-ის საერთო საკუთრებად, ხოლო დანარჩენი 218 კვ.მ მიწა აღირიცხა ლ. ს-ის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 223-233; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 245-255; ტ.1).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 324-334; ტ.1).

2011 წლის 15 მარტს ვ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართლოს 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შემდეგი მოტივებით:

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის განჩინება მოსამართლე თ. ს-ის თვითაცილების თაობაზე არ ჩაბარებიათ და შესაბამისად აღნიშნულის თაობაზე არაფერი იყო ცნობილი. მოგვიანებით კი, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე – ლ. ს-ე და პალატის მოსამართლე – თ. ს-ე არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები – ბიძაშვილები.

განმცხადებლის განმარტებით, მოსამართლე – თ. ს-მ მონაწილეობა მიიღო ლ. ს-ის კერძო საჩივრის განხილვაში, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო განჩინების მიღება და შემდგომში კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.

ამასთან, განმცხადებლის მითითებით, როგორც პირველ, ისე ზემდგომ ინსტანციებში საქმე განხილულ იქნა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 8 ივლისის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, ვ. ს-ისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 428 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½1/2 ნაწილის პირადი საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. მითითებული სარჩელი განხილულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ. განმცხადებლის მოსაზრებით, დავა უნდა განეხილა არა ადმინისტრაციულ კოლეგიას, არამედ სამოქალაქო კოლეგიას, ვინაიდან რეესტრის ჩანაწერები ეხებოდა ორ ფიზიკურ პირს, ხოლო მას შემდეგ, როცა მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოითხოვა საერთო სარგებლობაში 209.4 კვ.მ. მიწის ფართობის დატოვება, ხოლო დანარჩენი 218,6 კვ.მ. მიწის ფართის ლ. ს-ის საკუთრებაში აღრიცხვა უკვე სამოქალაქო სამართალწარმობის წესით უნდა გადაწყვეტილიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ ჰქონდა ლ. ს-ის სააპელაციო საჩივრის ადმინისტრაციული წესით განხილვის უფლება, რაც განმცხადებლის განმარტებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

განმცხადებლის მითითებით, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოები გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო 1955 წელს მხარეებს შორის დადებულ ეგრეთ წოდებულ ,,შინაურულ გარიგებას”, რომელიც როგორც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი, თავის დროზე ბუნებაში არ არსებობდა. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული გარიგება რომც ყოფილიყო, იგი არ უნდა დადებულიყო ძ-სა და ბ-ს შორის, ვინაიდან აღმასკომის გადაწყვეტილება მიღებულია ვ. ს-ის სახელზე და მას მიეცა ნებართვა ფართის დაშენების და ათეული წლების განმავლობაში დღემდე დაშენებული ფართი რეგისტრირებულია ვ. ს-ის სახელზე და არა ბ-ის სახელზე. ასეთ გარიგებას ადგილი რომც ჰქონოდა, სასამართლოს აღნიშნული დავის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან 1965 წელს გარიგების მონაწილე გახდა ვ. ს-ე ასევე 1971 წელს ავტოფარეხი დარეგისტრირდა სათანადო წესის დაცვით ვ. ს-ზე, აღნიშნულით განმცხადებელს მიაჩნია, რომ ე.წ. ,,შინაურული გარიგება” შედგენილია ნ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ უკანა თარიღით და მას ხელს არ აწერს ნ. ბ-ე ანუ ხელმოწერა გაყალბებულია, რაც გამორკვეული და დადასტურებულია 2011 წლის 11 თებერვლის კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშული დასკვნის მიღების შემდეგ გადაამოწმეს ტექკნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები, თუ იყო მიწა რეგისტრირებული საერთო სარგებლობის უფლებით და 2011 წლის 7 მარტს მიღებული ტექნიკური პასპორტით დადასტურდა, რომ 428 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის მიწის ფართს. აღნიშნული ტექპასპორტი ლ. ს-ს სარჩელთან ერთად სასამართლოში არ წარუდგენია, მისთვის ტექპასპორტი იყო ხელმიუწვდომელი, არ აძლევდნენ და მხოლოდ 2011 წლის 7 მარტს გახდა შესაძლებელი ლ. ს-ის სახელზე 1986 წელს შედგენილი ტექპასპორტის მიღება.

განმცხადებლის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მიღებისას საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს (იხ. ს.ფ. 1-6; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ვ. ს-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა განხილვა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ის 426-ე მუხლი და განმარტა, რომ თუ მხარემ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის შესახებ შეიტყო და იცოდა ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ასეთი განცხადებით მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მიერ გაშვებულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, რომლის გაგრძელება არ დაიშვება (იხ. ს.ფ. 60-65; ტ.2).

მითითებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ გასულია გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან, მართალია, საქმის მასალების გადაღება მოხდა 2009 წლის 31 მარტს, მაგრამ ამ დროს ვ. ს-ისათვის არ იყო ცნობილი თუ როგორი ნათესაური კავშირი არსებობდა მოპასუხესა და მოსამართლეს შორის, მან მოგვიანებით გაიგო, რომ ისინი იყვნენ ერთმანეთის ოჯახის წევრები და მათ შორის ახლო ნათესაური კავშირი არსებობდა, რის გამოც განმცხადებლის განმარტებით, ვადის ათვლა უნდა მოხდეს არა 2009 წლის 31 მარტიდან, არამედ 2011 წლის 5 მარტიდან – იმ დღიდან როცა მან დაადგინა მათი ნათესაური კავშირის შესახებ (იხ. ს.ფ. 109-110).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის ნორმების მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სსკ-ის 422.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდებოდა) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებში.

ამდენად, სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დასრულებული საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ბათილობის საფუძვლების წამოყენება არ შეეძლო პროცესის ადრე სტადიაზე, კერძოდ, შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებში ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მხოლოდ ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში, რა დროსაც მხარემ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლების ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წამოყენების შეუძლებლობა.

ამასთან, სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მართებულად დატოვა განუხილველად სსკ-ის 426-ე მუხლით გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გადაცილების გამო, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ვ. ს-ის წარმომადგენელმა თ. ი-მ (რწმუნება იხ. ს.ფ. 191-193; ტ.1) 2009 წლის 31 მარტს სრულად გადაიღო საქმის მასალები (იხ. ს.ფ. 243) დავაზე ლ. ს-ის სარჩელისა გამო ვ. ს-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 8 ივლისის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, ანუ შესაბამისად, ვ. ს-ისათვის ამ დღიდან (2009 წლის 31 მარტი) გახდა ცნობილი მოსამართლე – თ. ს-ის მონაწილეობით მიღებული სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებისა (ლ. ს-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე) და 2009 წლის 8 იანვრის მოსამართლე – თ. ს-ის თვითაცილების განჩინების, შესაბამისად, მოსამართლე – თ. ს-ისა და მოსარჩელე – ლ. ს-ის ნათესაური კავშირის შესახებ, რომლის თაობაზეც ვ. ს-ე მიუთითებდა ასევე მის საკასაციო საჩივარში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე (იხ. ს.ფ. 249-250; ტ.1).

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2011 წლის 5 მარტიდან, როდესაც კერძო საჩივრის ავტორმა შეიტყო იმის თაობაზე, რომ მოსამართლე თ. ს-ე და მოსარჩელე ლ. ს-ე იყვნენ ერთმანეთის მკვიდრი ბიძაშვილები, რადგან, 2009 წლის 31 მარტს მან იცოდა მხოლოდ ის, რომ ზემოთ მითითებული პირები იყვნენ მხოლოდ ნათესავები, მაგრამ როგორი - არ იცოდა. ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 31.1. მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია, ამავე კოდექსის 422.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო განცხადების შეტანისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რომელი ხარისხის ნათესაურ ურთიერთობაში იმყოფება მხარე და მოსამართლე, რაც მითითებულია სსსკ-ის 31.2 მუხლში, კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვ. ს-მ 2009 წლის 31 მარტს უკვე იცოდა მოსამართლე თ. ს-ისა და მოსარჩელე – ლ. ს-ის ნათესაური კავშირის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, უკანონო სასამართლო შემადგენლობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული საფუძვლის წამოყენება შეეძლო საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზეც, რადგან სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა, თვლის რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საპროცესო ნორმები, რის გამოც არ არსებობს ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ის წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.