ბს-1058-1049(კ-11) 1 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ბ-ის სარჩელისა გამო მ. მ-ის, ბორჯიმის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. და მ. ბ-ებმა სარჩელი აღძრეს ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - მ. მ-ისა და მესამე პირების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნოტარიუსის – ნ. თ-ის მონაწილეობით და მოითხოვეს: ბორჯომის რ/ნ-ის ...ის ქ. ¹20-ში, მდებარე საცხოვრებელ სახლის, ო. (ა.) ბ-ის სახელზე სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების შესახებ ბორჯომის რაიონის არქიტექტურულ-სამხატვრო საბჭოს 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების, 2005 წლის 28 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ბორჯომის რაიონის სოფელ ...ის ქ. ¹20-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის ო. (ა.) ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის (განაცხადის რეგისტრაციის ¹2377/05, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹..., კვარტალი ¹..., ნაკვეთის ¹...) და 2007 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-5; ტ.1).
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. და გ. ბ-ების სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 41; ტ.1)
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-მ და მოითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 46-48; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 52-54; ტ.1).
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განჩინებით 2007 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმე გამოყოფილი იქნა ცალკე წარმოებად სამოქალაქო წესით განხილვის მიზნით, ხოლო დარჩენილ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 74-75; ტ.1).
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-მ (იხ. ს.ფ. 79-80; 92-93; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განჩინება მ. ბ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 96-100; ტ.1).
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ს.ფ. 122-123; ტ.1).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება მ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე მ. მ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამეგობის მიმართ (იხ. ს. ფ. 154ა-154ბ; ტ.1).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად მითითებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამოირიცხნენ მესამე პირებიდან და საქმეში ჩაებნენ მოპასუხეებად (იხ. ს.ფ. 168; ტ.1)
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, 2005 წლის 28 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ბორჯომის რ/ნ-ის სოფ. ...ის ქ. ¹20-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის ო. (ა.) ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის (განაცხადის რეგისტრაციის ¹2377/05, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹..., კვარტალი ¹..., ნაკვეთის ¹...) ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო (იხ. ს.ფ. 231-232ტ.1)
მოპასუხეებმა მ. მ-მა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 269-278; ტ.1).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 284-291; ტ.1)
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ. ბორჯომის რაიონის არქიტექტურულ-სამხატვრო საბჭოს 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-12; ტ.2).
საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მ. მ-მა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 13-19; 22-28; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში ჩაება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო (იხ. ს.ფ. 42-43; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით არასათანადო მოპასუხე – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამეგობის ნაცვლად საქმეში ჩაერთო სათანადო მოპასუხე – ბორჯომის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტის გამგეობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო (იხ. ს.ფ. 56; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის გამგეობის არქიტექტურულ-სამხატვრო საბჭოს 2005 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება მ. მ-ის თხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ბორჯომის მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტის გამგეობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. (იხ. ს.ფ. 66-79; ტ.3).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამეგობამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 85-92; 109-116; 131-132; ტ.3).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.134-135; ტ.3).
წერილობითი მოსაზრებით მ. მ-მა მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 145; ტ.3), ხოლო მ. ბ-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 147-152; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-106-88-კ-04 გ. ნ-ის სარჩელისა გამო სამოქალაქო რეესტრის ისანი-სამგორის ტერიტორიული სამსახურისა და ლ. ს-ს მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.