Facebook Twitter

ბს-1190-1179(კ-11) 1 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ტ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ტ. ბ-ის სარჩელისა გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ტ. ბ-მა სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა, 2007 წლის 1 ნოემბრიდან კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება 2010 წლის 2 თებერვლიდან, რაც შეადგენს - 4779 ლარს, ასევე მოითხოვა 2010 წლის 9 თებერვლიდან დანიშნული პენსიის 134 ლარის გათანაბრება 177 ლართან, 2010 წლის 9 თებერვლიდან სარჩელის აღძვრამდე მიუღებელი კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 225 ლარის ანაზღაურება და კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით 177 ლარის დანიშვნა (იხ. ს.ფ. 2-11).

ტ. ბ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ უსაფუძვლობის გამო და ასევე იშუამდგომლა საქმის განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე ვინაიდან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ინახებოდა თბილისი-დიდგორის სოციალური მომსახურების ცენტრში. (იხ. ს.ფ. 25-32)

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განსჯად სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 59-61).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ტ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. ს.ფ. 59-61).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პაალტის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ტ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 72-76).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე და სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა მორალური ზიანის 3000 ლარის ანაზღაურება. ამავე საოქმო განჩინებით ტ. ბ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 98-99).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ბ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 104-111).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-მა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 114-122).

საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 199-223)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინებით ტ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 232-240).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 247-253).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.278-279).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ტ. ბ-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ტ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.