ბს-1198-1187(კ-11) 9 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. ჩ-ის სარჩელის გამო, მოპასუხის – ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის თაობაზე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჩ-მა სარჩელი აღძრა ხონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა 100 მეტრის დაშორებით არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ იგივე ფართის მიწის მიზომვა მისი საკარმიდამო ეზოს მოსაზღვრე თავისუფალ 102-ე მიწის ნაკვეთთან და 600კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზომვა მეორე კატეგორიის ნორმის შესავსებად.
ხონის რაიონული სასამართლოს 18.03.2011წ. გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი მიწის ნაკვეთის გაცვლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე ლ. რ-ისათვის მიწის ჩამოჭრისა და მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ შეწყდა საქმის წარმოება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს 18.03.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2011წ. განჩინებებით ა. ჩ-ის კერძო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 18.03.2011წ. გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 18.03.2011წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2011წ. განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.