Facebook Twitter

ბს-1214-1200(კ-11) 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 17 დეკემბერს მ. ფ-მა, ა. ი-მა და თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხების _სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მ. ჯ-სა და ლ. თ-ის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, მ. ლ-მა 2005 წლის 20 დეკემბრის ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2005 წლის 5 მაისს თავის სახელზე დაირეგისტრირა თბილისში, ...ს ¹51-ში, ¹4 კორპუსში მდებარე მ. ჯ-ს კუთნილი ¹34 ბინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ა. ხ-ი და მ. ლ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით მოსარჩელეთა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და საბუთების გაყალბებაში. მ. ფ-მა და თ. ბ-მა 2006 წლის 29 ივნისს მ. ლ-თან დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მ. ფ-მა მ. ლ-ს 22000 აშშ დოლარი ასესხა 3 თვის ვადით, ხოლო თ. ბ-მა _ 7700 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ. ლ-ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი. ამასთან, 2006 წლის 26 სექტემბერს ა. ხ-სა და თ. ბ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. ბ-მა ა. ხ-ს ასესხა 5500 აშშ დოლარი 3 თვის ვადით და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა. ხ-ის სახელზე დარეგისტრირებული თბილისში, აგლაძის ¹34, მე-3 კორპუსში მდებარე ბინა ¹66. ასევე, ა. ი-მა ა. ხ-ს ასესხა 23000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი ¹51-ში, მე-4 კორპუსში მდებარე ¹34 ბინა.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ იპოთეკით დატვირთული ბინები მ. ლ-სა და ა. ხ-ს არ ეკუთვნოდათ. 2006 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმების გაყალბებული შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ა. ხ-მა და მ. ლ-მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გააუქმეს და ამის შემდეგ აღნიშნული ბინები კიდევ მრავალჯერ დატვირთეს იპოთეკით.

მოსარჩელე მ. ფ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 11 აგვისტოს განხორციელებული ¹48843 რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელე ა. ი-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 6 ივლისს განხორციელებული ¹38516 რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელე თ. ბ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 11 აგვისტოს განხორციელებული ¹48843 რეგისტრაციისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 20 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის, ა. ი-ისა და თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2006 წლის 2 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმების ბათილად (არარად) ცნობა და საჯარო რეესტრში მისი იპოთეკის უფლების აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით მ. ფ-ის, ა. ი-ისა და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2006 წლის 2 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმების ბათილად (არარად) ცნობა და საჯარო რეესტრში მისი იპოთეკის უფლების აღდგენა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ. ფ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. მ. ფ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.