Facebook Twitter

ბს-1320-1305(კ-11) 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინების, 2011 წლის 7 ივლისის და 2011 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 13 ოქტომბერს თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მ. გ-ისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ მ. გ-ზე გაცემული 1998 წლის 10 ნოემბრის ¹856 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, მ. გ-ზე გადაცემული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში შესაბამისი შესწორების შეტანა და უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით თ. მ-ის სარჩელზე, მიღება-ჩაბარების აქტით მ. გ-ზე გადაცემული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობისა და მოსარჩელის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება. ამავე საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა მ. გ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე მ. გ-ის მიმართ, მიღება-ჩაბარების აქტით მ. გ-ზე გადაცემულ და საჯარო რეესტრში აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის და საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2011 წლის 21 მარტს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოპასუხისათვის 1998 წლის 15 აგვისტოს ¹606 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში შესწორების შეტანის დავალდებულება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (საოქმო განჩინებების) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება, 2011 წლის 7 ივლისის და 2011 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების (საოქმო განჩინებების) გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების (საოქმო განჩინების) საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (საოქმო განჩინება) არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, თ. მ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის და 2011 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებები;

4. თ. მ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.