ბს-1340-1325(კ-11) 14 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. წ-მა (წარმომადგენელი დ. შ-ე, ე. ტ-ე) 2010 წლის 03 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 08 ნოემბრის განჩინებით ა. წ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. წ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე შესაბამისად 150 ლარს და 300 ლარს; ხოლო ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს.
კონკრეტულ შემთხვევაში ა. წ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა ი/მ ,,ა. წ-ის’’ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 24 ივნისის ¹04/10451 ბრძანების, მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ ქუთაისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 28 ივნისს შედგენილი აქტისა და შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 12 აგვისტოს ¹1498 ბრძანების ბათილად ცნობა. ამდენად, დავის საგნის არსიდან გამომდინარე მოცემული დავა წარმოადგენს ქონებრივ დავას, ხოლო ა. წ-ი კი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დავა არაქონებრივი სახისაა და შესაბამისად მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რასაც საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება განსაზღვრული უნდა იქნეს სწორედ იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ყადაღა დაედო ი/მ ,,ა. წ-ის’’ კუთვნილ ქონებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის არასრული ოდენობით გადახდის მიუხედავად, ა. წ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, თუმცა ამავე განჩინებაში მე-3 პუნქტად მიეთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის საკითხი ხელახლა იქნებოდა განხილული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. წ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო ვინაიდან მოცემულ საქმეზე ქ. კ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს მხოლოდ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება;
3. ქ. კ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის (2011 წლის 20 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი ¹2/35779; დანიშნულება: არარეზიდენტი ფ/პ ა. წ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეზე) 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.