Facebook Twitter

ბს-1364-1347(კ-11) 30 ნოემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 04.05.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბ. ე-ის მიმართ და მოპასუხისათვის ჯარიმის სახით - 8000 ლარისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 10.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 25544,9 ლარის, ზიანის _ 593.68 ლარისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28.09.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. კ-ის მიმართ და მოპასუხისათვის ჯარიმის სახით - 17772,48 ლარის, ზიანის -7948,08 ლარის, პირგასამტეხლოს - 5331,75 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით - 35 ლარისა და 501,10 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 22.10.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელები ბ. ე-ის, ნ. კ-ისა და გ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 07.05.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ე-ის და გ. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ. ე-ს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 8000 ლარისა და პირგასამტეხლოს 2400 ლარის გადახდა, გ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის – 17772,48 ლარის, პირგასამტეხლოს – 5331,75 ლარისა და სანივთე დავალიანების თანხის – 501,10 აშშ დოლარისა და 35 ლარის გადახდა, გ. კ-ის მიმართ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნ. კ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-ისა და გ. კ-ის მიმართ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.11წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 07.05.10წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.11წ. განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ის მიმართ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. კ-ისათვის ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.