საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1427-1409(კ-11) 25 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ჩ-ის წარმომადგენლის – ი. შ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 26 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1427-1409(კ-11) მ. ჩ-ის წარმომადგენლის – ი. შ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. ჩ-ის წარმომადგენლის – ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ასევე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს საკასაციო საჩივრის შეტანაზე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ვინაიდან, საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა მ. ჩ-ის წარმომადგენელი ი. შ-ე, მაგრამ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა და სსსკ-ის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 264-265).
2011 წლის 28 ოქტომბერს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა მ. ჩ-ის წარმომადგენელმა – ი. შ-მ. წარმოადგინა მინდობილობა საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 35).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მ. ჩ-ის წარმომადგენელს – ი. შ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა, რათა ცდომილების თავიდან აცილების მიზნით წარმოედგინა მტკიცებულება თუ როდის იქნა ხარვეზი გამოსწორებული.
2011 წლის 18 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა მ. ჩ-ის წარმომადგენელმა – ი. შ-მ და აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება მას არ ჩაბარებია 2011 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარებოდა პირადად. თუკი გზავნილის ჩამბარებელ პირს კონკრეტულ მომენტში არ დახვდა ადრესატი საცხოვრებელ მისამართზე, უნდა გაერკვია როდის იქნებოდა სახლში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 მუხლის შესაბამისად, განჩინება უნდა მიეტანა მეორედ.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობია თუ ვის და როდის ჩაბარდა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება. მას გზავნილი გადასცა მისმა 8 წლის შვილმა – ა. შ-მ 2011 წლის 23 ოქტომბერს. შესაბამისად, განმცხადებლის მითითებით, საპროცესო ვადის ათვლა მისთვის დაიწყო მისთვის განჩინების ჩაბარების დღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს მიაჩნია, რომ მ. ჩ-ის წარმომადგენლის – ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს _ მ. ჩ-ს და მის წარმომადგენელს – ი. შ-ს გაეგზავნათ 2011 წლის 12 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ი. შ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა გ. შ-ს (პირადი ნომერი: ...) 2011 წლის 15 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 270), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 25 ოქტომბერს, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2011 წლის 26 ოქტომბერს.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის 11 პუნქტზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას გზავნილის დამატებით ერთხელ მაინც გაგზავნაზე ადრესატისათვის, თუ პირველად გაგზავნისას მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა და არა დამტარებლის ვალდებულებას ადრესატის ბინაზე არყოფნის შემთხვევაში განმეორებით მისვლას გზავნილის ჩაბარებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის წარმომადგენლის – ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ის წარმომადგენლის – ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. მ. ჩ-ს დაუბრუნდეს ი. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.