Facebook Twitter

ბს-1492-1474(კ-11) 22 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. მ-ის, ვ. ტ-ისა და სხვების სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს ,,...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირი – სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 5 აპრილს ზ. მ-ემ, ვ. ტ-მ, გ. მ-მა, ა. მ-მა, მ. ე-მა, თ. ხ-მ, გ. გ-მ და რ. გ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – შპს ,,...ის” ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეს _ შპს ,,...ის” ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, ხოლო მოპასუხეს _ მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე, დაუბრუნოს ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხები მოსარჩელეებს; კერძოდ: ზ. მ-ეს – 1491,32 ლარის, ვ. ტ-ს – 1710 ლარის, გ. მ-ს – 1710 ლარის, ა. მ-ს – 1710 ლარის, მ. ე-ს – 1710 ლარის, თ. ხ-ს – 1110 ლარის, გ. გ-ს – 1495,50 ლარისა და რ. გ-ს – 2310 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 1-10).

შპს ,,...მ» შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 51-58).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სსიპ შემოსავლების სამსახურით, ხოლო ამავე განჩინებით შპს ,,...ის» ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოს ნაცვლად საქმეში ჩაება შპს ,,... « (იხ. ს.ფ. 66-68).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 73-81).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...ს» დაევალა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გაავრცელოს შეღავათები მოსარჩელეების – ზ. მ-ის, ვ. ტ-ის (ზ. ტ-ის უფლებამონაცვლე), გ. მ-ის, ა. მ-ის, მ. ე-ის, თ. ხ-ის, გ. გ-ისა და რ. გ-ის მიმართ; ბ) მოახდინოს არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება მოსარჩელეთა მიმართ და მოახდინოს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურში. მოპასუხეს _ სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა შ.პ.ს. «...ის» მიერ წარდგენილი კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე ზედმეტად გადახდილი თანზების ზ. მ-ისათვის _ 1491.32 ლარის; ვ. ტ-ისთვის (ზ. ტ-ის უფლებამონაცვლე) _ 1710 ლარის, გ. მ-ისთვის - 1710 ლარის, ა. მ-ისთვის - 1710 ლარის; მ. ე-ისთვის - 1710 ლარის, თ. ხ-ისთვის _ 1110 ლარის, გ. გ-ისთვის _ 1495.50 ლარის, რ. გ-ისთვის - 2310 ლარის უკან დაბრუნება (იხ. ს.ფ. 89-96).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 104-114).

შპს ,,...მ» სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 131-138).

სააპელაციო საჩივარი არ ცნეს არც ზ. მ-მ, ვ. ტ-მ, გ. მ-მა, ა. მტხატვრიშვილმა, მ. ე-მა, თ. ხ-მ, გ. გ-მ და რ. გ-მ და მოითხოვეს აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 141-147).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 161-168).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 173-182).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 186-187).

მოწინააღმდეგე მხარეების - ზ. მ-ის, ვ. ტ-ისა ად სხვების

წარმომადგენელმა წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1037-1008(კ-10) ანატოლი ლორიას სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა და შპს ,,...ის» მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.